A1 ბანერი

საქართველოს მოქალაქეთა არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი სისხლისსამართლებრივად დაისჯება

საქართველოს მოქალაქეთა არალეგალურად მიგრაციის, მათ შორის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობი/ორგანიზატორი სისხლის სამართლის წესით დაისჯება. ცვლილებას “სისხლის სამართლის კოდექსი” ითვალისწინებს.

კერძოდ, კანონპროექტით, თუ პირი, ფინანსური ან სხვა მატერიუალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს შეუქმნის, ამას ორგანიზებას გაუწევს ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენას ხელს შეუწყობს, ორგანიზებას გაუწევს, ამ შემთხვევაში მისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით.

კანონპროექტის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს აღნიშნული ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 7 წლამდე ვადით.

ამ ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

“ბოლო პერიოდში, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან. კერძოდ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, საფრანგეთის რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო, რაც შეიძლება გახდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვის წინაპირობა. ზემოაღნიშნული ქვეყნები სახელმწიფო ხელისულებისგან მოითხოვენ ამ არასახარბიელო
ტენდენციასთან გასამკლავებლად კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

ეს საკითხი ასევე განხილული იყო 2019 წლის 5 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, სადაც ევროკომისიამ გამოთქვა რეკომენდაცია შესაბამისი ზომები სწრაფად იქნეს მიღებული. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა უმნიშვნელოვანესი ახალი შესაძლებლობაა, რომლის გაფრთხილება და შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო
ინტერესს წარმოადგენს. დაუშვებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ შეღავათით სარგებლობა და ქვეყნის რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგეს ზოგიერთი ადამიანის არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო. ამიტომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეიქმნას
სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ებრძოლოს უკანონო მიგრაციას და მინიმუმადე დაიყვანოს უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპორექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა, შოთა ხაბარელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...