საქართველოს კიბერსპორტის ფედერაცია პირველ მასშტაბურ ჩემპიონატს ჩაატარებს

8-9 ივლისს, პირველად საქართველოში, საქართველოს კიბერსპორტის ფედერაცია, პირველ მასშტაბურ ჩემპიონატს ჩაატარებს.

მონაწილეებს გამოცდა FIFA 2017-ში მოუწევთ.

ტურნირზე მოსახვედრად სულ 256 ადგილია გამოყოფილი და შესაბამისად, მასზე მოხვედრა შეზღუდულია.

გამარჯვებული, კიევში, რეგიონალურ თასზე გაემგზავრება, გარდა ამისა, ის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებულ პრიზსაც მიიღებს, რაც უეფას სუპერთასზე, მაკედონიაში, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „რეალ მადრიდის“ შეხვედრაზე დასწრებას გულისხმობს.
უფრო ზუსტად, ტურნირისა და კიბერ ფეხბურთის ფედერაციის შესახებ, „აიპრესთან“, მისი დამფუძნებლები, ლევან გოგორელიანი და თემო მჟავია საუბრობენ.

ლევან გოგორელიანი: პირადად ვარ „ფლეისთეიშენის“ მოყვარული, „ფიფას“, „პესს“ ვთამაშობთ. ერთი ჩემპიონატი ჩავატარეთ, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ სამეგობრო წრემ გაიგო. 32-მა კაცმა მოვიყარეთ თავი. საკმაოდ დიდი ხანი მიდიოდა ტურნირი, მე პირველივე ეტაპზე გამომვვარდი, ესეც უნდა აღვნიშნო. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ტურნირი ჩაგვეტარებინა. შემდეგ ეს იდეა დავხვეწეთ. საქართველოში არსებობს კომპიუტერული თამაშების ფედერაცია, კიბერსპორტის არ არსებობს. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ჩვენი ფედერაცია და პირველი ეტაპი ამ ტურნირის ჩატარება იქნებოდა, რადგანაც ქართველებს ფეხბურთი სისხლში გვაქვს და მოთხოვნადია.

თემო მჟავია: დავარეგისტრირეთ ეს ყველაფერი საჯარო რეესტრში, იურისტით, ფინანსისტით და ა.შ. როგორც ეს ხდება. მივუდექით ძალიან სერიოზულად, გავაკეთეთ ჩვენი საიტი და ფეისბუქის გვერდი, ტელევიზიებთან, პრესასთან ურთიერთობა. ამ წამოწყების შემდეგ, შემოგვიერთდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და თბილისის მერია, ისეთ ციფრებთან გვაქვს საქმე, შეუძლებელია არ ჩაერთო. ტურნირის გენერალური პარტნიორი „ბენე გრუპია“. საქართველოში ამ სფეროს 246 ათასი მომხმარებელი ჰყავს.

ლევან გოგორელიანი: სიმსფაიერია საიტი, რომელიც ითვლის, მსოფლიოში ყველა ქვეყნიდან, რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული კიბერსპორტში. საქართველოს მონაცემი ამ დროისთვის არის 246 ათასი, აქედან 74 ათასი კი უნიკალური მომხმარებელია, რომელიც ყოველდღიურად მოიხმარს კიბერსპორტს. ბევრი ადამიანია ჩართული და ვფიქრობთ, უნდა იყოს ორგანიზაცია სახელმწიფოში, რომელიც მათ რაღაც მიმართულებას მისცემს.

თემო მჟავია: ფაქტიურად, სახელმწიფოს ჰყავს 246 ათასი პოტენციური სპორტსმენი, აქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოში და საქართველოშიც მათ შორის, კიბერსპორტი აღიარებულია სპორტის სახეობად. ამას უნდა მიექცეს ყურადღება. სპორტული თამაშების ფედერაცია არსებობს, ჩვენ მოვიძიეთ ხელმძღვანელი, დაველაპარაკეთ, შევთავაზეთ დახმარება და თანაშრომლობა, რადგან მათი აქტივობა ძალიან დაბალი იყო. სოციალურ მედიასა თუ ტელევიზიაში ვეძებეთ ინფორმაცია მათ შესახებ და ვერაფერი ვნახეთ. მეგობრულ წრეში გავიგეთ ამ ადამიანის ნომერი, დავუკავშირდით და შევხვდით.

ლევან გოგორელიანი: რამდენიმე რაუნდიანი შეხვედრა იყო. ვსაუბრობდით სამომავლო გეგმებზე, რა, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო. საბოლოოდ, ვერ მოვიპოვეთ ნდობა, რადგან ამ საქმეში არ გვქონდა არანაირი გამოცდილება. დღესაც ვეთანხმები იმ აზრს, რომ რთულია ენდო ადამიანს რაღაც საქმეში, როცა მას არაფერი გაუკეთებია. ეს ჩვენი სტიმული იყო, რომ დაგვემტკიცებინა ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი თავისთვის, რა შეგვიძლია.

– ტექნიკურად როგორ განოხრციელდება ეს ყველაფერი?

ლევან გოგორელიანი: ბილეთის შეძენა, ყველა მსურველს tkt.ge-ზე შეუძლია. იქ დევს 256 ბილეთი. ყველა ის ადამიანი, რომელიც შეიძენს ბილეთს, ავტომატურად მოხვდება ჩემპიონატში. აუცილებელი ველებია შესავსები, უნდა მიუთითონ იმეილი და ტელეფონის ნომერი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბაზა და ვუკავშირდებით. ვამცნობთ კენჭისყრის შესახებ, რომელიც ლაივრეჟიმში გადაიცემა სოციალური მედიის მეშვეობით. ის მონაწილეები, რომლებიც არ სარგებლობენ სოციალური ქსელებით, პირადი ზარის მეშვეობით დავუკავშირდებით, თუ რომელ საათზე უწევთ თამაში. ლოდინი არავის მოუხდება. ყველა მონაწილე მოვა ნახევარი საათით ადრე, რომ დარეგისტრირდეს. პირველ ჯერზე გამოცხადდება 26 მონაწილე. ტურნირი სტარტს 11-ის ნახევარზე აიღებს. შემდეგ კიდევ 26 მონაწილე და ა.შ. 

თემო მჟავია: მონაწილე აგებს და ვარდება, ოღონდ ჩემპიონთა ლიგის პრინციპით, ორი თამაშის ჯამში გამარჯვებული გადის შემდეგ ეტაპზე. მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლის ასაკიდან ზემოთ. მონაწილეს რეგისტრაციისთვის აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

– რამდენი ადამიანია ამ დროისთვის დარეგისტრირებული?

ლევან გოგორელიანი: ამ დროისთვის, ბილეთების დაახლოებით 72% უკვე გაყიდულია. ძალიან სწრაფად გაიყიდა ბილეთები, ბევრი მსურველი გამოჩნდა. ეს განაპირობა იმ პრიზებმა, რომელიც ეტაპობრივად დაემატა ტურნირს. მთლიანობაში, პრიზები შემდეგია: სფფ-მ გამარჯვებულისთვის დააწესა ორ-კაციანი საგზური მაკედონიაში, სადაც გაიმართება უეფას სუპერთასი, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის, თავისი ფრენით, სასტუმროთ და ყველაფრით. არის ასეთი მაღაზია „გეიმზონა“, რომელიც ერთადერთი პროფესიონალური მაღაზიაა საქართველოში, რომელიც კიბერსპორტის მოთამაშეებს ყველანაირი ტექნიკით, თამაშებითა და ა.შ. ამარაგებს, მან დააწესა „ფლეი სთეიშენ პრო“, რომელიც სულ ახალია. იმისთვის მისახვედრად, რომ გაქვს პრო და არა ჩვეულებრივი, საჭიროა ტელევიზორი, რომელსაც 4K მხარდაჭერა აქვს და ეს ტელევიზორიც, ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება. NC Travel-მა დააწესა ორ კაციანი საგზური კვიპროსში, ზაფხულში. „ეფლ სითიმ“ „აიფო 7“, „სექტორმა“, ბათუმში 500 ლარიანი ვაუჩერი. ამას გარდა, გუშინ დავასრულეთ მოლაპარაკებები უკრაინის კიბერსსპორტის ფედერაციასთან.

თემო მჟავია: გეიმერებისთვის ეს სასიამოვნო სიახლეა. „თბილისის თასის“ გამარჯვებული, გაემგზავრება, უკრაინაში, კიევში, რეგიონალურ ლიგაზე, სადაც მონაწილეობას პოსტსაბჭოთა ქვეყნები მიიღებენ. ასევე, ჩამოვა ბულგარეთის ჩემპიონი, „შალკე 04“-ის წარმომადგენელი ფიფაში და „მანჩესტერ სიტი“. ეს ამბავი ბოლომდე გადაწყდევა 5 ივლისს, ბელარუსში მინსკში, სადაც კიბერსპორტის ფედერაციების ხელმძღვანელები იკრიბებიან და ჩვენც ვართ მიწვეული. აუცილებლად უნდა გავფრინდეთ და გავაღრმავოთ მეგობრობა.

– ყველა სპორტული ფედერაციისთვის მნიშნველოვანია საარსებო წყარო. საქართველოში, ფედერაციების უმეტესობა სახელმწიფოსგან ფინანსდება. თქვენ რას აპირებთ?

ლევან გოგორელიანი: ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ იმით, რომ მოხდეს ჩვენი აღიარება, თუმცა ჯერ საქმე უნდა გავაკეთოთ და აქედან გამომდინარე თამამად მოვითხოვთ.

თემო მჟავია: არსებობს კომპიუტერული თამაშების ფედერაცია, რომელიც აღიარა სახელმწიფომ და შესაბამისად, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ამ ეტაპზე, სახელმწიფოსგან დაფინანსება მივიღოთ, რადგან აღიარებული სხვა ფედერაციაა. იმის თქმა გვინდა, რომ შემდეგ სახელმწიფომ უნდა გადახედოს, რომელიც ფედერაცია აკეთებს უფრო მეტს საქმეს და მიანიჭოს მას ეროვნული სტატუსი.

ლევან გოგორელიანი: ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვინმეს არ უნდა დაუჭიროს სახელმწიფომ მხარი. კარგია, რომ გვერდში უდგას, მაგრამ უნდა დააფინანსოს ის, ვინც აკეთებს კარგ საქმეს. ჩვენც თუ გავაკეთებთ და ის გეგმები, რაც გვაქვს, განვახორციელებთ წარმატებით, ვფიქრობ, სახელმწიფო თავად იქნება დაინტერესებული გვერდით დაგვიდგეს. მეტიაც მეტ სტიმულს გვაძლევს. დაინტერესებულია, რომ ეს პოტენციური სპორტსმენები გამომჟღავდნენ და პროფესიონალურ დონეზე განაგრძონ საქმიანობა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად