საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის კურთხევით, ლია სალაყაია სამთავროს დედათა მონასტერში დაიკრძალება

ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის ცნობილი პედაგოგი ლია სალაყაია სამთავროს დედათა მონასტერში დაიკრძალება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.

“დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს ღვთივ განისვენა ლია სალაყაიამ – ჩვენი დროის საოცარმა ადამიანმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, იგი დღესვე დასვენდება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში. დაკრძალვა შედგება შაბათს, სამთავროს დედათა მონასტერში.
გამოსვენება: სამების საპატრიარქო ტაძრიდან 14:00 საათზე.
ღმერთმა აცხონოს მხევალი ღვთისა ლია.”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

2019 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე საქართველოში საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით ლია სალაყაია დააჯილდოვა. პატრიარქის თქმით, ეს არის ქალბატონი, რომელიც უკვე 40 წელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს, ასწავლის ქართულ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს.

ცნობისათვის ცნობილი ქართველი შემსრულებელი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის პედაგოგი ლია სალაყაია კორონავირუსით გარდაიცვალა.

ის კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.

კომენტარები
იტვირთება...