საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

უწყების ცნობით, 25 მარტს, 16:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მხატვარ მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 70-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.

გამოფენაზე დამთვალიერებელი პირველად იხილავს მერაბ აბრამიშვილის ერთ-ერთი ნამუშევრის – „პარიზის“ – ესკიზს.

მერაბ აბრამიშვილი (1957-2006 წწ.) თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მხატვრის შემუშავებულმა ტექნიკამ და გამოყენებულმა ფაქტურამ მის ნამუშევრებს განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მის შემოქმედებას საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული.

ქართველი მხატვრის ნამუშევრებმა ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება სოთბისა და კრისტის აუქციონებზე არაერთხელ მიიპყრო. ამასთან, 2013-2014 წლებში მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სოთბის ლონდონის სააუქციონო სახლის გამოფენა “გზაჯვარედინზე”.

მხატვრის ნამუშევრები საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.

გამოფენა 1 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად