“საქართველოს ერთადერთი შანსი, რამეში მოუგოს რუსეთს – რაგბია” – შესაძლოა, რუსებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვან

რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, რუსეთის პირველობის მატჩის დროს მოსკოვის “სლავას” და კრასნოდარის “ყუბანს” შორის, “სლავას” ქართველმა რაგბისტებმა რევაზ ბროძელმა და საბა ილურიძემ თვალზე აიფარეს ხელი და ამგვარად საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ

ჟესტი რუსებმა უაღრესად მტკივნეულად მიიღეს და მას მყისიერი რეაგირება მოჰყვა: ორივე მორაგბე კლუბიდან გარიცხეს. სულ ბოლო მომენტში, საქართველოს რაგბის პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ, “სლავას” ხელმძღვანელებმა უკვე თბილისში გამოსამგზავრებლად გამზადებული რაგბისტები გუნდში დააბრუნეს და მალევე რევაზ ბროძელმაც გააკეთა განცხადება:

“მე მესმის, რომ რაგბის მინდორზე მთავარი – თამაშია, დაუშვებელია ჟესტები, რომლებიც შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული. მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება. მე ბედნიერი ვარ რუსეთში თამაშით, მე მგონია, ვნახე საერთო ენა ჩემ პარტნიორებთან “სლავადან”. გუნდმა რიგიანი სვლა აკრიფა და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს აქ განვაგრძო რუსეთის ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლა”.

რევაზ ბროძელის ამ განმარტების მიუხედავად რუსეთში თვლიან, რომ მათი ჟესტი პოლიტიკური იყო, რუსეთის წინაღმდეგ მიმართული და ახლა უკანდახევა ფულის დაკარგვის შიშით მოხდა. აი, რას წერდა გუშინ ერთ-ერთი სპორტული მიმომხილველი ანდრეი შიტიხინი:

“ყველაფერი ცხადია. როდესაც საქმე კარგი კონტრაქტებით ფულის გამომუშავებაზე მიდგება – რუსეთში წასვლაა საჭირო. თუ პოლიტიკური ჟესტების გაკეთება გინდა – რუსეთში ყველაფერს გა(გ)იგებენ და გაპატიებენ. მაგრამ როგორც კი რუსეთი მოგთხოვს, პასუხი აგო შენი შეხედულებების გამო – ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ჩვენ არასწორად გაგვიგეს”.

რუსულ პრესაში ბროძელის და ილურიძის ჟესტზე კომენტარის გაკეთება დღეს რუსეთის რაგბის ფედერაციის ექს-მეთაურს, მამუკა ლოსაბერიძეს სთხოვეს. აი, რას ამბობს იგი News.ru -სთან ინტერვიუს დროს:

საბა ილურიძის და რევაზ ბროძელის სიტუაციაზე მე არაფერი ვიცი. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს (მათი კლუბში დატოვება ან გაშვება – “აიპრესი”) კლუბის გადასაწყვეტია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ფედერაციის გადაწყვეტილება, პრაქტიკულად არ შეზღუდოს ლეგიონერების ყიდვა, გლობალური შეცდომაა, რომელიც ჩვენ რაგბის ბევრ ვნებას მოუტანს (მოსკოვის “სლავას” შემადგებლობაში 9 ეთნიკური ქართველი, მათ შორის 7 საქართველოს მოქალაქეობის მქონე თამაშობს და მათი მთავარი მწვრთნელიც ქართველია – “აიპრესი”). ჩვენ არ გვჭირდებიან ლეგიონერები, ჩვენ გვყავს ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ბერდებიან სკამებზე. მე რაგბიში 4 წლით, ხოლო რაგბი 7 -ში, რომელიც სპორტის ოლიმპიური სახეობაა, საერთოდ ავკრძალავდი ლეგიონერებს.”

რაგბი-15 -ის ლეგიონერების და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი რაგბისტების დონის შესახებ კითხვაზე ლოსაბერიძე ასე პასუხობს:

“მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენთვის საჭირო ისეთი მოთამაშეები, რომელთა დატოვება შეიძლება, ერთეულებია. ასეთები არა მხოლოდ უნდა მოვიწვიოთ, არამედ მათი ნატურალიზაცია უნდა მოხდეს, რათა მათ რუსეთის ნაკრებში თამაში შეძლონ, შემდეგ კი დარჩნენ ჩვენ ქვეყანაში და მოგვეხმარონ ჩვენი ტალანტების აღზრდაში. და ვინ იქნებიან ისინი ეროვნებით, ქართველები თუ ახალზელანდიელები, – უმნიშვნელოა. არაა საჭირო მოვიწვიოთ ისინი, ვინც ერთ-ორ წელს ითამაშებს და უკან წავა.

იმ 100% ქართველებიდან, რომლებიც რუსეთის კლუბებეში თამაშობენ, შეიძლება გამოვყოთ მხოლოდ 3-4% ძლიერ კარგი მოთამაშეების საქართველოდან, მაგალითად, როგორებიც არიან მალაღურიძე, კაჭარავა, ფრუიძე, გაჩეჩილაძე. დანარჩენი მოთამაშეები უკიდურესად სუსტები არიან, ისინი საქართველოში არავის სჭირდება, ვინმესთვის მიმზიდველები რომ ყოფილიყვნენ, უკვე კარგა ხნის წინ ითამაშებდნენ საფრანგეთში და ჩვენ რატომღა ვიწვევთ მათ? არ შეიძლება იყიდო ლეგიონერი მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენ მოთამაშეზე ოდნავ უკეთ თამაშობს.”

მამუკა ლოსაბერიძე თვლის, რომ რუსეთისთვის არაა აუცილებელი საქართველოსთან მატჩების გამართვა. მისი განცხადებით, ქართველი გულშემატკივრები უკიდურესად ცუდად იქცევიან რუსეთის, მისი ჰიმნის და ნაკრების მოთამაშეების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მატჩი საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება.

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის და საქართველოს რაგბისთან ნაკრები გუნდები ყოვეწლიურად ხვდებიან ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში და იმ შემთხვევაში, როდესაც მატჩი საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, მას ყოველთვის ახლავს თან ქართველი გულშემატკივრის მხრიდან რუსეთის ნაკრების მოთამაშეების და რუსეთის ჰიმნის მიმართ უკიდურესად არაპატივსაცემი დამოკიდებულება.მეტოქისადმი პატივისცემა – ქვაკუთხედია ჩვენი თამაშის, მაგრამ საქართველოსთან მატჩებისას ჩვენ ამას ვერ შევამჩნევთ. ქართველი გულშემატკივარი რეგულარულად უსტვენს ჩვენ ნაკრებს, ჰიმნის შესრულების დროს არ წამოდგება და სკანირებს “უკრაინა”, წამოიყვირებს მტრულ ლოზუნგებს და ეს ყველაფერი გადაჭედილ ორმოცდაათათასიან სტადიონზე. რუსეთელი გულშემატკივრები ასე არასდროს იქცევიან”

და აი, მე(ც) ვკითხულობ, რატომ მივემგზავრებით ჩვენ იქ, – ამბობს მამუკა ლოსაბერიძე და განაგრძობს:

“ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ მატჩისშემდგომ ჩვენი მოთამაშეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე? საერთოდ რატომ უშვებს შეკრებაზე რუსეთის ფედერაციიის ახალგაზრდულ ნაკრებს რუსეთის რაგბის ფედერაცია საქართველოში, რომელთანაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენ ქვეყანაში რა, არაა საწვრთნელი ბაზები?

როდესაც მსოფლიო თასის მოსამზადებელი თამაშების გეგმა დგებოდა, მე მაშინვე გამოვხატე ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოსთან მატჩზე და თანაც ზედ გამგზავრების წინ. ეს მატჩი არ გვჭირდება ჩვენ არც ტექნიკურად და არც ფსიქოლოგიურად. დიდი ალბათობით, ჩვენ წავაგებთ, დარწმუნებული ვარ აგრეთვე, რომ ქართველ მოთამაშეებს დაავალებენ, რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოთამაშისადმი ტრავმის მიყენებას. გარდა ამისა არავის არ იძლევა რუსეთის ნაკრების უსაფრთხოების გარანტიას. რაგბი საქართველოში – ეს რელიგია და ერთადერთი შანსია რამეში მოუგო რუსეთს.

მე ვფიქრობ, რომ შექმნილი სიტუაციაში ახლანდელ ხელმძღვანელობას უკვე უნდა მოეწვია რიგგარეშე კრება, მოესმინა სპეციალისტებისთვის და უარი ეთქვა მატჩზე, რომელიც ვიღაცას სურს, რომ თავს მოგვახვიოს. როგორც ჩანს ვიღაცისთვის ხელსაყრელია საქართველოში ჩვენი გამგზავრება და არაფერში საჭირო ხიფათში თავის ჩაგდება. მატჩი საქართველოშიც კი რომ არ ჩატარდეს, მერწმუნეთ, მასზე დასასწრებად რამდენიმე ათასი ქართველი გულშემატკივარი ჩავა.”

“აიპრესის” ცნობა: მამუკა ლოსაბერიძე დაბადებულია 1966 წელს, ქუთაისში, რაგბის თამაში იქვე დაიწყო და ქუთაისის “აიას” შემადგენლობაში ათჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. “აიასთან” ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახდა. შემდეგ გადავიდა მოსკოვის გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემიის გუნდში და ამ გუნდთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და თასი რამდენჯერმე მოიპოვა. 90-იანი წლების დასაწყისიდანვე კონტრქატით თამაშობდა საფრანგეთის და ესპანეთის კლუბებში, ესპანეთში მიიღო მწვრთნელის სერტიფიკატი. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, იყო მოსკოვის “სპარტაკის” რაგბისტთა გუნდის მწვრთნელი, შემდეგ კრასნოდარის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. 2016 წლის დეკემბერში არჩეული იქნა რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტად, თუმცა, საბოლოოდ, დაწყებული სასამართლო განხილვების შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი რუსეთის რაგბის ფედერაციის კონფერენციის გადაწყვეტილებით საერთოდ გაუქმდა და ამჟამად უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს მეთაური არის იგორ არტემიევი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად