საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე საკოლექციო მონეტები გამოუშვა

2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის რიგით მე-9 მსოფლიო თასი გაიმართება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.

ახალი საკოლექციო მონეტა დღეს საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და წარმატება უსურვა მათ. მან საკოლექციო მონეტით დაასაჩუქრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მსოფლიოში აღიარებული მორაგბე, ქართული რაგბის ლეგენდა – მამუკა გორგოძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. აღნიშნული საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული მონეტების დიზაინის თვალსაზრისით. მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლის მონეტაზე გამოყენებულია ფერი.

რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის – ლელობურთის საწყისი მომენტი – ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები; წარწერები “ლელო”, “LELO”, “Georgia”, “საქართველო”.

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 29 აგვისტოდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად