საქართველოს ეროვნული ფონდი ხევსურეთსა და თუშეთში პროექტებს ახორციელებს

18 აპრილს 13:00 საათზე – ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს ეროვნული ფონდითუშეთსა და ხევსურეთში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას გამართავს.

საქართველოს ეროვნული ფონდი ხევსურეთსა და თუშეთში პროექტებს ახორციელებს

ხვალ, 18 აპრილს 13:00 საათზე – ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს ეროვნული ფონდი თუშეთსა და ხევსურეთში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას გამართავს.

ორწლიანი პროექტი – ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია ხევსურეთში, არხოტის სოფელ ახიელაში ზაფხულში ბრიტანელი და ფრანგი მოხალისეების ჩართულობით განხორციელდება. 

შუასაუკუნეების ცისკარაულების საგვარეულო კოშკი საგრძნობლად დაზიანდა 2001 წლის რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს. საბრძოლო ქმედებების შედეგად მიყენებული საშიში ბზარები, ჩამონგრეული კედლების ფრაგმენტები საჭიროებს გადაუდებელ გამაგრებით და აღდგენით სამუშაოებს.

სალომე ცისკარაულის ფოტო – ხევსურეთი, არხოტის თემი, სოფელი ახიელა – ცისკარაულების საგვარეულო კოშკი

არხოტის თემის სიამაყე, ქვა-კირით ნაგები კოშკი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, აღსანიშნავია, რომ მსგავსი სტატუსი საქართველოში მხოლოდ რამდენიმეს აქვს მინიჭებული. დახვეწილი პროპორციების მქონე თავდაცვითი საცხოვრებელი ხუთსართულიანი ნაგებობის სიმაღლე 18.5 მეტრს აღწევს.

პროექტს უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნული ფონდი პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად. პოექტზე მუშაოებენ: მარინე მიზანდარი, მანანა სურამელაშვილი, ნინო კორძახია, სალომე ცისკარაული, გუგა სუთიძე, ერეკლე ნაროუშვილი და გუგა ქლიბაძე. საერთაშორისო ფონდის ალიფის მიერ მხარდაჭერილ პროექტში ჩაერთვებიან ბრიტანელი და ფრანგი ექსპერტები, ასევე მოხალისეები ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციიდან და ფრანგული ორგანიზაციიდან – რემპარდი. ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციის პროექტის წამყვანი პარტნიორია ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი თემის ჩართულობას პროექტის ყველა ეტაპზე. 

შალვა ნაკაიძის ფოტო – თუშეთი, სოფელი დართლო

საქართველოს ეროვნული ფონდის მეორე პროექტის პრეზენტაციის სახელწოდებაა – თუშეთი, ეკო-ტურიზმის სიცოცხლისუნარიანი კერა საქართველოში. მომხსენებლები ისაუბრებენ თუშეთის, როგორც დასახლების მნიშვნელობის, მისი კულტურულ-ეთნოგრაფიული მახასიათებლებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდი. პროექტზე მუშაობენ: მარინე მიზანდარი, პიტერ ნესმის, ლალი პერტენავა და მაქი კვიციანი.

პრეზენტაციები გაიმართება: იკომოს საქართველოს, საქართველოს ეროვნული ფონდის, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მრავალფეროვან ღონისძიებათა ფარგლებში, რომელიც თემატურად უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნავი ადგილების დაცვასა და შენარჩუნებას. 2021 წლის ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღის სლოგანია – კომპლექსური წარსული: მრავალფეროვანი მომავალი.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზენტაციის მსვლელობას თვალყური ადევნონ საქართველოს ეროვნული ფონდის ფეისბუქ ლაივ ფორმატში.

ღონისძიება გაიმართება კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ. მისამართი: ბეთლემის აღმართი 16 ბ. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...