საქართველოს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ხვალ ონლაინ რეჟიმში გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ ხვალ, 24 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში გაიხსნება.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) თავმჯდომარე დევიდ ფრიკერი, არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA) თავმჯდომარე, მალტის არქივის დირექტორი ჩარლზ ფარუჯა, ფინეთის ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი ჯუსი ნოურტევა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ფილოლოgიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი ვასილ კაჭარავა.

საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებას 180-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი წაიკითხავს. მონაწილეთა შორის, საქართველოს გარდა, არიან გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ფინეთის, იაპონიის, პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული არქივის დაარსების 100 წლისა და მეფე ერეკლე II-ის დაბადების 300 წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.

ღონისძიება მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: არქივმთცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნება, ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი; საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; მეფე ერეკელე II.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად