საქართველოს ელჩი იტალიაში, საინფორმაციო თაღლითობაზე ქართულ მედიასაშუალებებს მიმართავს

საქართველოს ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე სეპარატისტული რეჟიმის მართული პიროვნების მიერ გავრცელებულ ე.წ საინფორმაციო თაღლითობასთან დაკავშირებით, ქართულ მედიასაშუალებებს მიმართავს და აცხადებს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია იტალიაში აფხაზეთის "წარდგენის" შესახებ ჯერ საელჩოსთან გადაამოწმონ,-ამის შესახებ მან “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა. 

ელჩმა ბოლო პერიოდში აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაციების ვიზიტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აფხაზეთს იტალიაში ერთი თაღლითი მოქალაქე მაურო მურჯა წარადგენს, რომელიც ე.წ საინფორმაციო თაღლითობას ეწევა.

"ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ. ეს არის ვინმე მაურო მურჯა, რომელიც თავს აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების ე.წ ოფიციალურ წარმომადგენლებს უწოდებს. ეს პიროვნება ფინანსდება სეპარატისტების მიერ და საკუთარ განცხადებებში საქართველოს მოიხსენიებდა მჩაგვრელად, ხოლო რუსეთს თავისუფლებისათვის მებრძოლი ერების მხსნელად. ეს პიროვნება წარმოშობით სარდინიიდან არის, შესაბამისად მას ჰყავს ნაცნობობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. სხვადასხვა მეთოდებით, ზოგჯერ ტყუილით, შეცდომაში შეყვანით, ზოგჯერ იდეოლოგიური დამუშავებით, მატერიალური წახალისებით ახერხებს კერძო პირების დაყოლიებას იმაზე, რომ მას უბრალოდ ხელი ჩამოართვან. ეს არავითარ კავშირში იტალიის სახელმწიფოსთან არ არის. წარმოიდგინეთ მარტივი სიტუაცია, ჩავიდა სადღაც სოფელში ფოტოაპარატით, ხელში ჩამოართვა ვიღაც კაცს, გადაიღო და დადო საიტზე, რომ ვიღაცას შეხვდა და აფხაზეთზე ესაუბრა.

ეს არის ე.წ საინფორმაციო თაღლითობა, რომელსაც ისინი უწოდებენ ოფიციალურ შეხვედრას. დავუშვათ შეხვდა რომელიმე მერს, ხვდება როგორც კერძო პირს და არა როგორც მერს. ამიტომ მინდა ვთხოვო ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლებს, რომ სანამ ასეთ ინფორმაციას გაავრცელებენ, ჯერ ჩვენთან გადაამოწმონ ხოლმე, რადგან ჩვენ ჩვენდაუნებურად ვეხმარებით მას, მას უნდა რომ ხმაური ატყდეს ამაზე, რომ შეიქმნას ილუზია. იტალიის კანონმდებლობით, ნებისმიერი შეთანხმება, დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს რაიმე სახის საერთაშორისო ხელშეკრულებას, უნდა გადამოწმდეს იტალიის საგარეო უწყებასთან და შემდეგ ის გასცემს საბოლოო ვიზას შეთანხმებაზე და როდესაც ასეთი დოკუმენტი მათ არ აქვთ, ასეთი ე.წ შეთანხმება თავიდანვე ბათილად ითვლება.

მილანში რამდენიმე დღის წინ რომ მოხდა, შევადაროთ… ელიავას ბაზრობაზე ვინმემ რომ ჩადგას ჯიხური და დააწეროს ქოქოსის ფედერაცია, ზუსტად ასე, კერძო ჯიხური ჩადგეს, შემდეგ ჩვენმა დიასპორამ ააღებინა იმ კერძო პირს ჯიხური. არავითარი კავშირი ამას რეალობასთან და იტალიის სახელმწიფოსთან არ აქვს, ამაზე იტალიელებსაც ეცინებათ. იტალია დიპლომატიური ურთიერთობების პირველივე წუთიდან მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას”,-აღნიშნავს “აიპრესთან” საუბრისას კახა სიხარულიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად