საქართველოს დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან, რათა პირადად გაეცნოს ადგილზე არსებულ ვითარებას.შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ შარლ მიშელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის განსაკუთრებული დატვირთვა გამომდინარეობს იქიდან, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...