საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ავღანეთში, ქართველმა სამხედროებმა აღნიშნეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა, სამხედრო პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ოცეულებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს,-ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროდან იუწყებიან. 

საზეიმო ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩასული დელეგაცია დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ – ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე და მინისტრის მრჩეველი მაია ქავთარაძე.

მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი და ავღანელი სამხედროები. ცერემონიალი საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის ეროვნული ჰიმნებით დაიწყო. დამსწრე საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ავღანური სამშვიდობო მისიის მიმდინარეობისას დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს ეროვნული დღესასწაული მიულოცეს – ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ, ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და 52-ე ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა გიგა ავალიანმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და მისიაში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო ქართველმა სამხედროებმა მადლობის სიგელებიც მიიღეს.

52-ე ბატალიონის მეთაურის გადაწყვეტილებით, ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროებიც დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად