საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარება შეაჩერა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამ მიმართულებით, გახლდათ ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

დავით ზალკალიანის თქმით, რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამ მიმართულებით, გახლდათ ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე, ჩვენი პარტნიორები ინფორმირებული იყვნენ. ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე და ყველა ქმედების შესახებ, რაც არის მიღებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ისინი იყვნენ ინფორმირებული. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენ ვიქნებით მომავალშიც ერთგული ამ საერთაშორისო ვალდებულებების“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად