საქართველო კონფლიქტების მოგვარებაში ეუთოს როლის გაძლიერებას ითხოვს

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური, 24-ე სხდომა მუშაობას აგრძელებს. ღონისძიებების დღის წესრიგის შესაბამისად, დღევანდელი დღე საკომიტეტო მოსმენებს დაეთმო, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლებმა მოხსენებები მოისმინეს და მასში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

უშიშროებისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შვედი დეპუტატის, მარგარეტა სედელფელტის მოხსენება და მასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი განიხილეს. კომიტეტის წევრებმა 69 ცვლილებაზე იმსჯელეს და მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეების არგუმენტები მოისმინეს. აღნიშნულ მოხსენებაში ქართულმა დელეგაციამ დამატებითი პუნქტის შეტანა მოითხოვა, რომელიც სამშვიდობო პროცესებში ეუთოს როლის გაძლიერებას შეეხებოდა, ცვლილება კომიტეტის წევრებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თედო ჯაფარიძემ გააცნო.

,,ქართული დელეგაცია მოხსენებაში ახალი პუნქტის დამატებას ითხოვს, რომელიც ხაზს გაუსვავს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარების პროცესში ეუთოს აქტიური მონაწილეობის აუცილებლობას, განსაკუთრებით კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს წინადადებას და გაითვალისწინოთ, რომ 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოება უფრო აქტიური რომ ყოფილიყო, დღეს უკრაინის კრიზისი არ გვექნებოდა და იქ სხვა ვითარება იქნებოდა”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

საქართველოს დელეგაციის წინადადება კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მიერ იქნა მხარდაჭერილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად