საქართველო და ყაზახეთი გადაზიდვების დღგ-სგან განთავისუფლების საკითხს განიხილავენ

საქართველო და ყაზახეთი გადაზიდვების დღგ-სგან განთავისუფლების საკითხს განიხილავენ. როგორც ორი ქვეყნის მხარეების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, შესაძლოა გადაზიდვების ნულოვანი დაბეგვრა მოხდეს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა ყაზახეთი საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციაზეც მუშაობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ამ კუთხით, მიღებული ჯერჯერობით არ არის.

"ჩვენ ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ვალზე ყაზახეთის მიმართ. ყაზახეთი მზად არის რომ განიხილოს რესტრუქტურიზაციის პროცესი. ამ საკითხზე თანამშრომლობას გავაგრძელებთ.

შევეხეთ ყაზსტრანსგაზის საკითხსაც, რომელსაც განიხილავს როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ენერგეტიკის სამინისტრო – ამ საკითხსაც აუცილებლად შევთავაზებთ ყაზახურ მხარეს.

საქართველოს გავლით დერეფანმა, უნდა მიიღოს მაღალი კონკურენტუნარიანობა. ამისათვის საჭიროა პორტ აქტაუს მეშვეობით გადაზიდვების დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლება, ან ნულოვანი ვარიანტით დაბეგვრა, ისე როგორც აქვს ყაზახეთს სხვა ქვეყნებთან. მინისტრმა აღგვითქვა რომ დააყენებს ამ საკითხს.

ჩვენ შევთანხმდით ნოემბერში, რომ ქართული მხარე ამზადებს პოტენციურ შეთავაზებას ინვესტორებისთვის. ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაოებენ ყაზახები საქართველოში. ეს იქნება ისეთი პროექტები, რომლებიც ტურიზმისა და გადაზიდვების სფეროში დაეხმარება საქართველოს.

იბიარდის ყოველწლიური შეხვედრა ძალიან წარმატებული იყო საქართველოსთვის. მე რამდენადაც ვიცი იბიარდის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს იყო საუკეთესო შეხვედრა”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...