საქართველო და მონტენეგრო უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისთვის სამუშაოებს დაიწყებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვია. მონტენეგროში ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა მონტენეგროს პრეზიდენტთან ფილიპ ვუიანოვიჩთან, პარლამენტის პრეზიდენტთან რანკო კრივოკაპიჩთან, პრემიერმინისტრთან მილო დიუკანოვიჩთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან იგორ ლუკსიჩთან, ასევე თავდაცვის მინისტრთან მილიცა პეინოვიჩ-დიურისიჩთან.

შეხვედრებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების შესაძლებლობები, რა მიზნითაც მხარეების გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის ბოლომდე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. საუბარი შეეხო საქართველოსა და მონტენეგროს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და ვარშავის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს. მინისტრმა მონტენეგროს მხარეს წარმატება უსურვა ალიანსში გაწევრიანების პროცესში. თავის მხრივ მონტენეგროს მიერ კიდევ ერთხელდადასტურდა მკაფიო მხარდაჭრა საქართველოს ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა  გააქტიურდეს თანამშრომლობა ნატო-ს ასპირანტი ქვეყენების ფორმატში.

აღინიშნა მონტენეგროსთან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, მონტენეგრომ გამოთქვა მზადყოფნა გაუზიაროს საქართველოს გამოცდილება მრავალი მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხში.

საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის,  კულტურისა და განათლების სფეროებში.  

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დაიწყოს მუშაობა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების  გათვალისწინებით თავისუფალის სავაჭრო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობებზე.

თამარ ბერუჩაშვილმა მონტენეგროს მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებული ვითარება. მონტენეგროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ოფიციალური შეხვედრის დროს მონტენეგროს პრეზიდენტის მხრიდან გამოიხატა მზაობა ეწვიოს საქართველოს. ასევე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მონტენეგროს პრემიერმინისტრს გადასცა საქართველოს პემიერმინისტრის მოწვევა შემოდგომაზე თბილისში დაგეგმილი „აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მიზნით. 

მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმში – TO BE SECURE FORUM. ​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად