საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის პანელის სხდომას მასპინძლობს

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის პანელის სხდომას მასპინძლობს, რომელიცსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა გახსნა.

ორდღიანი შეხვედრების მთავარ თემას საჯარო სამსახურის რეფორმა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას  გაუზიარებენ.

ღონისძიების მონაწილეებმა  საჯარო სამსახურის რეფორმის გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების მოდელები.

კახა კახიშვილმა მოწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტერესს კარგი მმართველობის პრინციპებზე დაყრდნობით ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრება წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც საჯარო მმართველობის რეფორმა გახლავთ. საქართველომ საჯარო მმართველობის კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება დააგროვა და სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მზად ვართ მისი გაზიარებისათვის. დეპოლიტიზირებული და პროფესიონალიზმზე დამყარებული საჯარო სამსახური არის ქვეყნის დემოკრატიული მართვის საფუძველი,“ –  განაცხადა კახა კახიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ „ტექნო პარკს“, რომელიც ინოვაციური საჯარო მმართველობის პრაქტიკული მაგალითია.

 

კომენტარები
იტვირთება...