საპროკურორო საბჭო გენპროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა.

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. გასაუბრების პროცესი ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პირს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე შეისწავლა კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტები. შესწავლის შედეგად დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის გამო, ორ პირს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო ერთმა პირმა პირადი განცხადებით მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.
საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის  17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 2020 წლის 17 იანვარს დასრულდა.

აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს  17 კანდიდატი წარუდგინეს – გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის 17 კანდიდატი იბრძოლებს (სია) 

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კი  ირაკლი შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე წარადგინა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად