საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 10 ივლისამდე გახანგრძლივდა

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო სანიტარული მდგომარეობა 10 ივლისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატა) მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

“ერთობლივ პარიტეტულ კომიტეტში დეპუტატებსა და სენატორებს შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ამ დოკუმენტს ხმა მისცეს სენატში (პარლამენტის ზედა პალატა). წარდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა 252-მა პარლამენტარმა, 87 კი წინააღმდეგი იყო.

ორთვიანი საგანგებო სანიტარული მდგომარეობა, საფრანგეთში 24 მარტს ამოქმედდა. დოკუმენტის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში, მთავრობას უფლება აქვს, სპეციალური ბრძანებულებების გამოცემით, პარლამენტთან კონსულტაციის გარეშე, შეზღუდოს საზოგადოებრივი თავისუფლებები, მათ შორის გადაადგილების აკრძალვები, საწარმოთა გარკვეული ჯგუფების დახურვა, საქონლისა და მომსახურების ფასების კონტროლი და სხვა.

მიღებული კანონის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია დააწესოს სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო რეჟიმი საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა პირზე, მათ შორის კორსიკაზე. ასევე დასაჯოს ის პირები, რომლებიც დაარღვევენ დაწესებულ ზომებს. დამტკიცებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იღებს უფლებას, გამოსცეს განკარგულებები “ადამიანების ან მანქანების გადაადგილების რეგულირების, ან აკრძალვის შესახებ, დროებით დახუროს საზოგადოებრივი დაწესებულებები, მოითხოვოს ყველა საჭირო საქონელი, რაც საჭიროა სანიტარული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად