საფრანგეთში, მაკრონის საპენსიო რეფორმის გამო მასობრივი გაფიცვა დაიწყო

საფრანგეთში, ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული საპენსიო რეფორმის გამო მასობრივი გაფიცვა დაიწყო.

როგორც იქაური მედია იუწყება, დიდი შანსია იმისა, რომ ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მასობრივი გაფიცვა იყოს. გაფიცულებს შორის არიან მასწავლებლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, პოლიციელები, სასამართლოს თანამშრომლები, ექიმები, ავიადისპეჩერები და კიდევ სხვა ბევრი პროფესიის წარმომადგენლები.

ბევრ სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, დარღვეულია სატრანსპორტო გადაადგილება, ბევრ საავადმყოფოში მორიგე ექიმების მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა.

ხელისუფლებამ იცოდა მოსალოდნელი აქციის შესახებ და ეცადა, რომ ამისთვის მომზადებულიყო, რათა თავიდან აეცილებინა სატრანსპორტო კოლაფსი და დარტყმა ეკონომიკისთვის.

მოსალოდნელია, რომ გაფიცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დღით. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაფიცვა მანამ არ შეწყდება, სანამ მაკრონი უარს არ იტყვის თავის გეგმებზე.

 

რატომ გამოიწვია რეფორმამ ასეთი უკმაყოფილება?

საფრანგეთში ათობით სხვადასხვა საპენსიო პროგრამა არსებობს. მაკრონი ირწმუნება, რომ ეს სისტემა ზედმეტად რთული და ძვირადღირებულია. მას უნდა, რომ პენსიების გაანგარიშების ერთიანი წესები დამკვიდრდეს. პრეზიდენტის გეგმა ითვალისწინებს ქულების სისტემის შემოღებას, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იქნება ყოველი სამუშაო დღე. სამომავლო პენსიის მოცულობა კი დაგროვებული ქულების მიხედვით განისაზღვრება.

ახალი სისტემის მიხედვით, საპენსიო პრივილეგიები აღარ ექნებათ ბევრი პროფესიის წარმომადგენელს, მაგალითად მეზღვაურებს, იურისტებს და ოპერის მომღერლებსაც კი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საპენსიო ასაკი საფრანგეთში 60-დან 62 წლამდე აიწია. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია განვითარებულ ქვეყნებს შორის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საპენსიო ასაკი ამ ეტაპზე 66 წელია.

მაკრონის მიერ წარდგენილი რეფორმა საპენსიო ასაკის აწევას გამოიწვევს, ვინაიდან 62 წლის ასაკში პენსიაზე გასვლა ხელსაყრელი არ იქნება. სრული პენსიის მისაღებად, საფრანგეთის მოქალაქეებს 64 წლამდე მოუწევთ მუშაობა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ მთელი საფრანგეთის მასშტაბით მოსალოდნელია 250 დემონსტრაცია, საიდანაც ზოგიერთი შესაძლოა არეულობით დასრულდეს.

„ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინიც შეუერთდებიან ამ გაფიცვას.

მოქალაქეებს, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას ამ გაფიცვაში, სამსახურამდე მისვლა ძალიან გაუჭირდებათ, ვინაიდან პროტესტის მონაწილეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმომადგენლებიც იქნებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად