საფრანგეთში, ავტოავარიაში, ერთი ოჯახის 9 წევრიდან 5 ბავშვი დაიღუპა

ტრაგედია სამხრეთ საფრანგეთში მდებარე დრომის დეპარტამენტში, გუშინ, საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 7 საათზე მოხდა

ავტომაგისტრალ A7-ზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მოძრავი Renault Scénic ალბონის მახლობლად გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ცეცხლი წაეკიდა.

ავტომობილში ერთი ოჯახის ცხრა წევრი იმყოფებოდა: მშობლები და მათი ოთხი შვილი და რძალი და მისი ორი შვილი. 6 ბავშვიდან 5-მა, 3-დან 14 წლის ასაკის, ვერ შეძლო ცეცხლმოდებული ავტომობილიდან გადმოსვლა და დაიღუპა, სამმა უფროსმა და ერთმა 7 წლის ასაკის ბავშვმა კი მოახერხა ავტომობილიდან გადმოსვლა. მათ ძლიერი დამწვრობები აქვთ მიღებული და სამი მათგანის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

წინასწარი მონაცემების თანახმად, ავარიის მიზეზი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა იყო. ავტომობილს მოძრაობის დროს გაუჩნდა ცეცხლი, მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო, ავტომობილი გზიდან მინდორში გადავიდა და ამობრუნდა.

სამაშველო სამსახურებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება შეტყობინებაზე, ცეცხლი ჩააქრეს და მძიმე დამწვრობამიღებული 4 პირი ვერტმფრენებით ლიონში გადაიყვანეს. ადგილზე სწრაფად მივიდნენ აგრეთვე დრომის პრეფექტის შტაბის უფროსი და დრომის პროკურორის მოადგილე. ოდნავ მოგვიანებით იქ საფრანგეთის შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც გაჩნდნენ.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ალბონის მახლობლად დილითაც მოხდა ავარია. 10:20 საათზე სამხრეთის მიმართულებით მოძრავი მოტოციკლი საცობში გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. მოტოციკლის მგზავრი, 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოტოციკლის მძღოლი ვერტმფრენით გადაიყვანეს ლიონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად