საფრანგეთმა კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაადასტურა

გუშინ, გვიან საღამოს, საფრანგეთმა კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა.

ფრანგული პრესა, საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთი ინფიცირებულთაგანი ახალგაზრდა ჩინელი ქალია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საფრანგეთში ჩინეთიდან და ამჟამად პარიზშია ჰოსპიტალიზირებული.

მეორე პაციენტი – მამაკაცი (ასაკის შესახებ, ამ დროისთვის, არაფერი არ არის ცნობილი – “აიპრესი”), ახლახანს დაბრუნდა იტალიიდან, ლომბარდიის ოლქიდან.

ექიმების თქმით, არცერთი პაციენტი მდგომარეობა არ არის საგანგაშო.

ამ ორი ახალი შემთხვევის შემდეგ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში 14-ს გაუტოლდა. მათგან 11 სრულად განიკურნა, ერთი შემთხვევაში კი ფატალური შედეგი დადგა. 15 თებერვალს საფრანგეთმა განაცხადა, რომ გარდაიცვალა ხუბეის პროვინციიდან საფრანგეთში 23 იანვარს ჩასული 80 წლის ჩინელი ტურისტი, რომელსაც 28 იანვარს დაუდგინდა კორნავირუსით დაინფიცირება. ეს ევროპის კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსით დავადების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადეს ავსტრიამ და შვეიცარიამ. მოგვიანებით გავრცელდა  ინფორმაცია, რომ კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში,  ხორვატიაში და მატერიკულ ესპანეთში, ბარსელონაში. ბარსელონაში ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა იტალიიდან, მილანთან ახლოს მდებარე ბერგამოდან დაბრუნებულ, ბარსელონაში მცხოვრებ 36 წლის ასაკის ქალს. კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა აგრეთვე ალჟირში ჩასული იტალიელი.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, საიდანაც მთელ მსოფლიოს მოედო ახალი კორონავირუსი, სიტუაცია ბოლო დღეებში სტაბილური გახდა და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტემპის, აგრეთვე გარდაცვლილთა რაოდენობის შესამჩნევი კლება ფიქსირდება. ამის საპირისპიროდ გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და გარდაცვალების შემთხვევები ჩინეთის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ამ დროისთვის სამხრეთ კორეაში, სადაც 977 კაცია ინფიცირებული, ირანში, სადაც 16 კაცი გარდაიცვალა და იტალიაში, სადაც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ევროპის მასშტაბით ყველა დიდი რაოდენობა ფიქსირდება.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად