საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები გაიწვია

საფრანგეთის მიერ აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩების გაწვევის შესახებ ინფორმაციას „ფიგარო” ავრცელებს

17 სექტემბერს, საღამოს საფრანგეთის ელჩი აშშ-ში ფილიპ ეტიენი და საფრანგეთის ელჩი ავსტრალიაში ჟან-პიერ ტებო კონსულტაციებისთვის პარიზში გაიწვიეს.

„რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნით მე დაუყოვნებლივ გამოვიწვიე პარიზში კონსულტაციებისთვის ჩვენი ელჩები აშშ-დან და ავსტრალიიდან. ეს განსაკუთრებული გადაწყვეტილება გამართლებულია ავსტრალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 15 სექტემბერს გაკეთებული უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობის განცხადებით”, – ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უარი ოკეანის კლასის წყალქვეშა ნავების პროექტზე, რომელიც ავსტრალიას საფრანგეთთან აკავშირებს 2016 წლიდან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვული წყალქვეშა ნავების სფეროში შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის შესახებ განცხადება, მოკავშირეებს და პარტნიორებს შორის შეუსაბამო ქცევას წარმოადგენს და გავლენას ახდენს მათი ალიანსების კონცეფციაზე, მათ პარტნიორობაზე და ევროპისთვის ინდოეთ-წყნარი ოკეანის მნიშვნელობაზე.

ვაშინგონი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საფრანგეთის მიერ ელჩის გაწვევას. „ჩვენ ვწუხვართ, რომ მათ გადადგეს ეს ნაბიჯი. უახლოეს დღეებში ჩვენ გავაგრძელებს მუშაობას ჩვენი უთანხმოებების მოსაგვარებლად”, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ინდოეთის და წყნარი ოკეანის უსაფრთხოების ახალი ალიანსის (AUKUS) შექმნის შესახებ გააკეთეს განცხადება. შეთანხმება ავსტრალიას შესაძლებლობას აძლევს აღარ გააგრძელოს მოლაპარაკება 66 მილიარდი $ ღირებულების ფრანგული კონსტრუქციის ატომური წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ და აშშ-ის წარმოების ატომური წყალქვეშა ნავები შეიძინოს.

კომენტარები
იტვირთება...