საფრანგეთის სასამართლომ უარყო ალექსეი და ოლეგ ნავალნების სარჩელი “ივ როშე”-ს წინააღმდეგ

საფრანგეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ რენის სააპელაციო სასამართლომ უარყო ალექსეი და ოლეგ ნავალნების სარჩელი კოსმეტიკური ფირმა “ივ როშე-ს” წინააღმდეგ. ამის შესახებ 16 ოქტომბერს იტყობინება საერთაშორისო ფრანგული რადიო, გამოცემა Challenges-ზე დაყრდნობით.

დაცვის მხარემ სინანული გამოთქვა სარჩელის უარყოფასთან დაკავშირებით და შეახსენათ, რომ რენის პროკურატურამ, საქმის მოსმენისას, ადრე მხარი დაუჭირა დამატებითი გამოძიების ჩატარების მოთხოვნას. ამის შესახებ სააგენტო AFP-ს განუცხადა ადვოკატმა ამელი ლეფევრმა.

“ივ როშეს” ადვოკატის, ჟან ტამალეს აზრით, “ნორმალურად ჩატარებული გამოძიება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილებით დასრულდა”.

დაცვის მხარე აპირებს გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება.

საფრანგეთის სასამართლოში საჩივარი ძმებმა 2018 წლის ივნისში შეიტანეს. ნავალნებმა კომპანია დაადანაშაულეს ცრუ ბრალდებაში, რომლის გამოც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2012 წელს.

ნავალნებს ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი მასშტაბის დანაშაულსა და ფულის გათეთრებაში.

მოგვიანებით “ივ როშემ” უარი თქვა დაზარალებული მხარის როლში გამოსვლაზე. ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე არ დახურულა. 2014 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნის სამ-ნახევარი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მის ძმას, ოლეგს – იგივე ვადა, ოღონდ რეალური პატიმრობით.

2021 წლის იანვარში, გერმანიიდან ჩამოსვლისთანავე, სადაც ალექსეი ნავალნი მკურნალობდა მოწამვლის შემდეგ, ოპოზიციონერი დააპატიმრეს და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით, სასამართლომ მას “ივ როშეს საქმეზე” პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა.

კომენტარები
იტვირთება...