საფრანგეთის პრეზიდენტი მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პარიზის ცენტრში ჟურნალ Charlie Hebdo-ს თანამშრომლებზე თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო. 

France-Presse-ის ცნობით, სახელმწიფოს მეთაური შემთხვევის ადგილას მივიდა და განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის გამართვას აპირებს. „ვერცერთი ვანდალური აქტი ვერ შეზღუდავს პრესის თავისუფლებას საფრანგეთში. ჩვენ ერთიანი სახელმწიფო ვართ, რომელსაც რეაგირებაც შეუძლია და სათანადო პასუხის გაცემაც“ – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა. 

Charlie Hebdo -ზე თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი ზომებია მიღებული. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 4 დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა შორის 2 პოლიციელია, 9 კი ჟურნალის თანამშრომელი. 

დღეს, გამთენიისას, ჟურნალის რედაქციაში 3 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. 

სატირული ჟურნალი 1969 წელს დაარსდა. 1981 წელს გამოცემა დაიხურა და მხოლოდ 11 წლის შემდეგ აღდგა გამოსვლა. Charlie Hebdo-მ სკანდალური გამოცემის სახელი მოიპოვა მას შემდეგ, რაც დანიური ჟურნალიდან Jyllands-Posten მუჰამედის კარკატურა გადაბეჭდა. 2012 წელს, გამოსვლების და საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც ფილმის „მუსულმანთა უმანკოების“ ეკრანებზე გამოსვლას მოჰყვა, Charlie Hebdo-მ კარიკატურების ახალი სერია გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, ჟურნალის გამომცემლებს და თანამშრომლებს მუდმივად ემუქრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...