საფრანგეთის ელჩი საქართველოში: ფაქტია, რომ საქართველო ნამდვილად ხდება ევროპული ქვეყანა, რაშიც მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ

“ფაქტია, რომ საქართველო ნამდვილად ხდება ევროპული ქვეყანა და ჩვენ მზად ვართ, ამაში მხარი დავუჭიროთ. მზად ვართ, ბევრი შესაძლებლობა მივმართოთ იმისკენ, რომ ეს განხორციელდეს”, ‘- აცხადებს “აიპრესისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი დიეგო კოლასი.

ვრცელ ინტერვიუს ელჩთან “აიპრესი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მანამდე კი გაგაცნობთ საინტერესო მოსაზრებებს ელჩის ინტერვიუდან, რომელიც საქართველოს როლს და საფრანგეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს ეხება.

– ბატონო ელჩო, საქართველო პატარა, ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, რაშიც თითქმის მთელი მსოფლიო თანხმდება, თუმცა თქვენი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ძალიან მცირე მასშტაბებია თქვენი რანგის დიპლომატისთვის. როდესაც გადაწყვიტეთ მიგეღოთ შემოთავაზება საქართველოში წამოსვლაზე, რა იცოდით ჩვენი ქვეყნის შესახებ?

– საქართველოში ჩამოსასვლელად ჩემი კანდიდატურის წარდგენა განპირობებული იყო ამ ქვეყნის წინაშე არსებული ორი ასპექტით, რომელიც ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო. პირველი იყო ის, რომ ყოველთვის მიყვარდა აღმოსავლეთ ევროპა, მსოფლიოს ამ რეგიონის აღმოსავლეთი, რომელიც, ვიტყოდი ბერლინის ძველ კედლამდე მიდის. აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც არის იმავდროულად სლავური, ბალტიისპირული, რუმინული, ასევე კავკასიური. მსოფლიოს მთელი ეს რეგიონი,  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესოა და ჩემს ისტორიაში ბევრ რამეს მეუბნება.

ისე მოხდა, რომ როდესაც ვიყავი 16,17,18 წლის, ანუ იმ ასაკში,  როცა მსოფლიოს აღმოვაჩენთ ხოლმე, როცა მნიშვნელოვანი საკითხები გვაიტერესებს, როცა თავისუფლები ვხდებით, პირველი, რაც ვნახე, იყო დიდი მიტინგები და საპროტესტო მსვლელობა ბალტიის ქვეყნებში.  მაშასადამე, ეს მომენტები, 1989, 1990, 1991 წლები ჩემთვის ფორმირების წლებია და რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. როდესაც ახალ ამბებს ვუყურებდით, აშუქებდნენ აღმოსავლეთ ევროპას. შესაბამისად, ბევრი კითხვა, ბევრი აღმოჩენა, ბევრი ვალდებულება დაკავშირებული იყო ამ ისტორიულ მომენტებთან. სწორედ ამის გამო შევისწავლე რუსული იმ დროს, რათა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს ჩავწვდომოდი კიდევ უფრო უკეთ.

ჩემს დიპლომატიურ კარიერაში მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა ევროპულ საქმეებს და დიდწილად სამართალს. იურიდიულ დირექტორატშ ვიყავი საფრანგეთის მთავრობის ადვოკატი ევროპის მართლმსაჯულებაში.შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროპულ საქმეებზე მუშაობენ, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ, რომელსაც ერთგვარი ევროპეიზაციის წყურვილი აქვს და სურს გახდეს თვითონაც ევროკავშირის ქვეყანა. ჩემს გუნდში მყოფი ყველა ახალგზარდა იურისტი იცნობდა საქართველოს და მოსწონდათ ეს ქვეყანა, როგორც ქვეყანა, რომელსაც კვლავ სჯერა ამ ევროპული მრწამსისა.  ზემოთჩამოთვლილმა ამ ორივე ასპექტმა, განაპირობა ჩემი საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. ეს სულაც არ არის პატარა ქვეყანა, ეს არის მთელი ამ საკითხების შუაგულში მყოფი ქვეყანა.

ფაქტია, რომ საქართველო ნამდვილად ხდება ევროპული ქვეყანა, არის ის, რაშიც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და ბევრი შესაძლებლობა მივმართოთ იმისკენ, რომ ეს განხორციელდეს.

– როგორი  დაგხვდათ რეალობა? – გქონდათ იმედგაცრუება თუ პირიქით, იმაზე საინტერესო ქვეყანაში აღმოჩნდით, ვიდრე ელოდით?

– როდესაც აქ ჩამოვედი, მივხვდი, რომ გარკვეული რამ ვიცოდი, მაგრამ ბევრი არაფერი. არ ვიცნობდი კარგად საქართველოს ისტორიასა და ქართულ ლიტერატურას, და შესაბამისად, დიდი ინტერესით ჩავები ამ თემების შესწავლის საკითხში. ბევრი რამ მოვინახულე, წავიკითხე და ვისწავლე საქართველოს ისტორია, რამაც ძალიან  გამიტაცა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია დასავლურ ტურიზმზე, ევროპულ ტურიზმზე და ძალიან საინტერესოა აქ ჩამოსული სტუმრებისთვის. მაგრამ, მიმაჩნია,  რომ ევროპელებისთვის, რომლებიც თბილისის მოსანახულებლად ჩამოდიან, მეტი სამუშაოა ჩასატარებელი ამ ქვეყნის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ. მაგალითად,  მოვინახულებთ სრულიად საუცხოო ეკლესიებს ან მუზეუმებს, სადაც ბრწყინვალე რაღაცეებია, მაგრამ არსებობს განმარტების საჭიროება. გარდა იმისა, რომ ულამაზეს რაღაცეებს ვნახულობთ, კარგად არ ვიცით რა არის.  მახსოვს, როდესაც პირველად ანანური მოვინახულე, მივიჩნიე, რომ ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ არანაირი განმარტებები არ იყო ადგილზე, არ ვიცოდი რა იყო. ვუყურებდი, რომ ლამაზი იყო, თუმცა ისტორია არ ვიცოდი. ხოლო, როცა მეორედ ვესტუმრე ანანურს, გიდთან ერთად მოვინახულე და ძალიან საინტერესო იყო.  სწორედ ამან წაგვახალისა ტურიზმის სფეროში სწავლებისკენ, რადგან არის პროფესიების ერთობლიობა, რომელიც დასახვეწია სწორედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ის რესურსი, რაც ამ ქვეყანას გააჩნია.

ინტერვიუ ჩაწერა თამარ ლეფსვერიძემ

კომენტარები
იტვირთება...