საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

130 გვერდიანი ანგარიში, რომელიც მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რაზეც აუდიტის სამსახურმა 2020 წლის განმავლობაში იმუშავა, დეპუტატებს გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა წარუდგინა.

„სახელმწიფო აუდიტი ცდილობს გააუმჯობესოს საქმიანობა. ჩვენი ამოცანა და ჩემი სურვილია, სამსახურის რეალური ეფექტურობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ერთადერთი რეალური ბერკეტი და ინსტრუმენტი, რომ პარლამენტმა გააკონტროლოს სამთავრობო ხარჯები და ფინანსური აქტივების მართვა, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ჩვენც ვეცდებით ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად, ასევე დავეხმარებით, რომ გაუმჯობესდეს მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და რამდენადაც შესაძლებელია დავიცავთ მის დამოუკიდებლობას“, ამის შესახებ საფინანსოს-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

ერეკლე მექვაბიშვილმა დეპუტატებს აუდიტორული საქმიანობის შედეგების, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის, ხარისხის კონტროლის და უზრუნველყოფის, გამჭვირვალეობის საკითხებთან დაკავშირებული მანდატების, არჩევნების დაფინანსების, პოლიტიკური პარტიების ფინანსირების და სხვა მიმართულებებზე დეტალური ინფორმაცია გააცნო, აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და სამსახურის 5 წლიანი განვითარების განახლებული სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც მესამე წლის შედეგებს მოიცავს.

„გასული წელი მრავალი გამოწვევებით იყო აღსავსე, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აუდიტის საქმიანობაზე, თუმცა, მიუხედავად გამოწვევებისა, სამსახურმა შეძლო სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება და გასულ წელს ჩვენ შევძელით 60 აუდიტის დასრულება, გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის დაფარვა და შეუფერხებლად განხორციელდა ჩვენი მანდატის ფარგლებში საპარლამენტო არჩევნების ფინანასური მონიტორინგი“,-განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.

გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, სამსახურის მიერ გაცემული დასკვნები, მიგნებები და რეკომენდაციები საპარლამენტო კომიტეტებს აძლევს უწყებებთან ეფექტური მუშაობის შესაძლებლობას.

ირაკლი მექვაბიშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები გააკეთა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ანგარიშთან დაკავშირებული შესაბამისი დასკვნებიც წარედგინა.

რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ცნობად მიიღო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და მხარი დაუჭირა მის პლენარულ სხდომაზე განხილვას, კომიტეტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან ერთად.

კომენტარები
იტვირთება...