“საფარი”: ნუ გაუშვებთ ეთერში გოგონების მაიდენტიფიცირებელ კადრებსა და მასალებს, ეს დამანგრეველი იქნება მათ ცხოვრებაზე

ნუ გაუშვებთ ეთერში გოგონების მაიდენტიფიცირებელ კადრებსა და მასალებს, ეს დამანგრეველი იქნება მათ ცხოვრებაზე, – ასე მიმართავს მედიას არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი”.

“დღეს, 22 აპრილს, ჩვენი ბენეფიციარების (პირობითად – ლესბოსელი წყვილის) ამბის გაშუქების სურვილით, მათ საცხოვრებელ ბინასთან ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილნი. მათ გადაიღეს ვიდეომასალა, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩვენი ბენეფიციარები არიან აღბეჭდილნი.
მოგახსენებთ, რომ გოგონებს საჯაროდ არ აქვთ გაცხადებული თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. შესაბამისად, მათი ნებისმიერი ფორმით იდენტიფიკაცია (თუნდაც საცხოვრებელი კორპუსის ჩვენება) გამოიწვევს დამანგრეველ ზემოქმედებას მათ ამჟამინდელ და მომავალ ცხოვრებაზე.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გაუშვებთ თქვენს ეთერში გოგონების მაიდენტიფიცირებელ კადრებსა და მასალებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საფარი იძულებული გახდება, მიმართოს სასამართლოს.

ამ საქმის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ გოგონების ადვოკატს ცირა ჯგერენაიას 511134310” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისი პრაიდმა გაავრცელა განცხადება, რომ 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. შსს-ს განცხადების თანახმად კი მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...