საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადებების მიღება 1 აპრილიდან 31 მაისამდე გაგრძელდება

საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ყოველთვიურად ხელფასებზე 2-პროცენტიანი შენატანები უკვე საპენსიო ფონდში გადაირიცხა, რომელიც მოქალაქეთა პერსონალურ საპენსიო ანგარიშებზე აისახა.

საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იყო 40 წლამდე პირებისთვის, 40 წლის ზემოთ კი ნებაყოფლობითი. შესაბამისად პირებს, რომლებიც 40 წლის ზემოთ იყვნენ და იანვრიდან 3 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად საპენსიო ფონდში ერიცხებოდათ 2%, სურვილისამებრ შეუძლათ 2019 წლის 1 აპრილიდან საპენსიო სქემის დატოვება სააგენტოს სახელზე განცხადების დაწერის საფუძველზე.

როგორც “აიპრესს” საპენსიო სააგენტოში განუცხადეს, დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლის მიზნით, მოქალაქეებმა უნდა დაწერონ განცხადება საპენსიო სააგენტოს სახელზე, რომ მათ სურთ სისტემის დატოვება. აღნიშნული თანხა კი მათ, განცხადების დაწერიდან 1 თვის ვადაში უკან დაუბრუნდებათ.

“სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ შეგიძლიათ მობრძანდეთ საპენსიო სააგენტოში (ყიფშიძის 7ბ) და დაწეროთ განცხადება, რომ გსურთ სქემის დატოვება. სქემაში ჩართვაში იგულისხმება თარიღი, როდესაც თქვენმა ბუღალტერმა პირველად დახურა დეკლარაცია. საქართველოს მასშტაბით გვექნება 69 სერვის ცენტრი, რომელთა მისამართები გამოცხადდება 1 აპრილამდე. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ელექტრონულად განცხადების გამოგზავნა არ ხდება. თანხა დაბრუნდება იმ ანგარიშზე საიდანაც გადმოირიცხა”, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

ამასთანავე, როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ მოქალაქეებს( 40 წლის ზემოთ) საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადებები 2 თვის ვადაში, 1 აპრილიდან 31 მაისამდე უნდა წარადგინონ.

“მოქალაქე როდესაც დაწერს განცხადებას გასვლასთან დაკავშირებით, იქიდან იწყება ათვლა, რომ თანხა უნდა ჩაერიცხოს ერთი თვის ვადაში. დეკლარაციის მიღებიდან 3 თვე რჩება სქემაში, 2 თვე გასვლა და გასვლის მომენტში რომ დაწერს განცხადებას იქიდან ათვლა არის 30 კალენდარული დღე. 30 კალენდარულ დღეში უნდა დაუჯდეს უკან თანხა.

ჩვენგან, სააგენტოსგან დაერიცხება თანხა დამსაქმებელს, დამსაქმებელი დაუბრუნებს დაბეგრილ თანხას მოქალაქეს. მაგრამ ის წილი, რომელიც სახელმწიფომ ჩადო ბუნებრივია უკან სახელმწიფოში დაბრუნდება. მოქალაქეს ის დაზოგილი 2% დაუბრუნდება.

1 აპრილიდან მაისის ბოლომდე 2 თვე არის გასვლის ვადა, იმ პირებისთვის ვინც პირველი იანვრიდან ჩაერთო სქემაში.”, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...