საპარტნიორო ფონდმა წინანდალში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტი განაახლა

საპარტნიორო ფონდმა წინანდალში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტი "რედისონ ბლუ წინანდალში" განაახლა. კახეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების, პირველი ბრენდირებული სასტუმრო "წინანდალი რედისონი" თელავის რაიონში, სოფ. წინანდალში, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და კახეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმრო იქნება.

30 მილიონიან საინვესტიციო პროექტზე შეთანხმება წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შედგა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი წინანდალში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სს "წინანდლის მამულების" დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ მოაწერეს. პროექტში საპარტნიორო ფონდის პარტნიორია "სილქ როუდ ჯგუფში" შემავალი კომპანია "წინანდლის მამულები".

"სილქ როუდ ჯგუფმა" უკვე წარმატებით განახორციელა იგივე ბრენდის სასტუმროების მშენებლობის პროექტები თბილისსა და ბათუმში. წინანდლის "რედისონი" თბილისისა და ბათუმის შემდეგ ამ ბრენდის მესამე სასტუმრო იქნება საქართველოში.

"სასტუმრო "წინანდალი რედისონი" ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმს მეტ ხიბლს და მნიშვნელობას შესძენს. ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს და კახეთში დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. მოხარული ვარ, რომ საპარტნიორო ფონდს ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვს. მაღალი კლასის სასტუმრო რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს – კომფორტულ დასვენებას, ახალ საკონფერენციო სივრცეს და სასიამოვნო გარემოს შესთავაზებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იგი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონის მცხოვრებ ადამიანებს შემოსავლებს გაუჩენს და ცხოვრების დონეს გაუუმჯობესებს", – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

5-ვარსკვლავიან 120-ნომრიან სასტუმროში საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე/რესტორნები, სპა, აუზი და ფიტნეს კლუბი განთავსდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად