საპარტნიორო ფონდმა “სტარტაპ-საქართველოს” გამარჯვებული პროექტის “DR.GOODS”-ის პრეზენტაცია გამართა

“საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ-საქართველოს“ კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები დაესწრნენ.

„ვულოცავ პროექტის ავტორებს და მთლიანად სამედიცინო სფეროს ასეთი მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას, რადგან საქართველოში პირველად ხდება ამ ტიპის სამედიციო პროდუქციის წარმოება. საწარმო კონკურენტული ფასებით შესაძლებობას მისცემს სამედიცინო დაწესებულებებს, იმპორტი საქართველოში დამზადებული პროდუქციით ჩაანაცვლონ“, აღნიშნა დავით საგანელიძემ.

ახალი კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში პირველად იწყებს სამედიცინო ტექსტილის წარმოებას და მომხმარებელს სამედიცინო მომსახურებისთვის სტერილურ და არასტერილურ პროდუქციას შესთავაზებს.

საწარმო სამედიცინო სექტორს სხვადასხვა სახის პროდუქციით უზრუნველჰყოფს. მისი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად საქართველოში დამზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

კომპანიის მიზანია საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი ხარისხის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები შესთავაზოს, შეამციროს მათთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები, ფინანსური დანახარჯები და ადგილობრივი წარმოება განავითაროს. საწარმოში სტერილიზაციის კლასი რეგისტრირებულია ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

კომპანია პირველ ეტაპზე 15 ადამიანს დაასაქმებს, მოგვიანებით კი განვითარების გეგმის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობაც გაორმაგდება.

„სტარტაპ-საქართველოს “ ახალ პროექტში ინვესტიცია 100 000 ლარს შეადგენს.

„სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 101 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 81 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად