საპარლამენტო უმრავლესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიატრქს იუბილე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიატრქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და 85 წლის იუბილე მიულოცეს.

„დიდი სიყვარულით და სიხარულით შემოვედით, რომ მოგისმინოთ, ჩვენი სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ. ვუერთდებით იმ მილოცვებს, რომელიც მთელ საზოგადოებას გააჩნია. ვინაიდან ჩვენ აქ ხალხის მიერ არჩეულები ვართ, მაჟორიტარებიც ბევრი არიან, ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, – მიმართა მის უწმინდესობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და პარლამენტის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

კათოლიკოს – პატრიარქმა დალოცა პარლამენტარები და მიმართა: “მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. ჩემი აზრით, შეხვედრა პატრიარქთან არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიებზე, ყველას აქვს უფლება მოვიდეს პატრიარქთან და გაუზიაროს თავისი აზრები. მადლობთ. დალოცვილი იყავით და ბედნიერი შობა გაგითენოთ ღმერთმა“.

გიორგი ვოლსკიმ კათოლიკოს-პატრიარქს მოკლედ გააცნო სამომავლო გეგმები და უმრავლესობის ხედვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტი მუშაობს.

„ერთი მთავარი წერტილი არის ეროვნული ინტერესები, რომელიც ყოველთვის უნდა მოდიოდეს წინ, რა თემაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, იქნება ეს საერთაშორისო ურთიერთობები, იქნება ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც ჩვენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს გააჩნიათ, თუმცა ჩვენ აქაც უნდა ვნახოთ რაღაც გამოსავალი და სწორედ ამ გზით მივდივართ. არის ასევე მთელი რიგი კანონები, რომლებიც ასევე ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს დამკვიდრებული. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ვცხოვრობთ, ვარსებობთ და ვმუშაობთ იმ პრინციპებით, რასაც ჰქვია ეროვნულობა, რასაც ჰქვია პატრიოტიზმი და რასაც ჰქვია მცნებები, რომელსაც ეკლესია გვასწავლის – სიყვარული უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ მასთან მისვლის უფლება აქვს ყველას.

„საერთოდ, როცა რაღაც გაჭირვება გაქვთ, როცა ვერ თანხმდებით, როცა დაძაბულია ურთიერთობა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან და ჩვენ ვისაუბროთ. მე მგონი, ეს სიმშვიდეს მოიტანს. მე მინდა გთხოვოთ, რომ საუბრის დროს არ იყოს ხმამაღალი, უხეში მიმართვა ერთმანეთის მიმართ. თქვენ გიყურებთ, თქვენ ეტალონი ბრძანადებით ხალხისთვის, მაგალითი ბრძანდებით ხალხისთვის და ხალხი ცოტა მტკივნეულად იღებს ამას, ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ უხეში მიმართვები არ გქონდეთ“, – მიმართა ილია მეორემ პარლამენტარებს და სტუმრობისა და მილოცვისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ვოლსკიმ კათოლიკოს-პატრიარქს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ მიულოცა იუბილე და ჯანმრთელობა უსურვა.

„ვლოცულობთ ყველა იმისათვის, რომ თქვენ დიდი ხანი იყოთ ჯანმრთელად და იყოთ სათავეში იმ უშველებელი საქმისა, რასაც ჩვენი სულიერების მწყემსვა ჰქვია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად