საპარლამენტო არჩევნების ღონისძიებები ბიუჯეტიდან 42 მილიონ 760 ათასი ლარით დაფინანსდება

ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2020 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 45 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 72 მილიონ 569 ათასი ლარით განისაზღვრება.

ამის გარდა, 2020 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 72 მილიონ 569 ლარით დაფინანსდება.

ცესკო-ში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 29 ათას ლარზე მეტი, ხოლო ხარჯების დასაფარად 70 მილიონ ლარზე მეტი.

როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა 4 ოქტომბრიდან დაიწყება.ფრაქციებისა და კომიტეტების ფორმატში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

პარლამენტის განხილვების დასრულების შემდეგ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რეკომენდაციებით და შენიშვნებით საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

განხილვებისას გამოთქმული წინადადებისა და შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს პარლამენტს ხელმეორედ 5 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ბიუჯეტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მოხდება.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად