საოკუპაციო ზოლიდან საქართველოს მოქალაქის გატაცებას შსს ადასტურებს

საოკუპაციო ზოლთან ახლოს, საკუთარ ბაღში ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამ ინფორმაციას „აიპრესს“ შსს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე უდასტურებს.

როგორც ენუქიძემ აღნიშნა, დაკავებული პიროვნება, სავარუდოდ, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

„სოფელ  კნოლევიდან (სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში. ავტ) უკანონოდ იქნა დაკავებული ადგილობრივი მკვიდრი, გვარად, თორთლაძე, რომელიც თავის შვილთან ერთად ბაღში მუშაობდა. ამჟამად ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაზუსტება, თუ სად იმყოფება აღნიშნული პიროვნება.

ორშაბათს, თავისთავად, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რომ დაინიშნა  „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის  რიგგარეშე შეხვედრა, დადგება ამ პიროვნების გათავისუფლების საკითხი“, – განაცხადა შსს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ.

შეგახსენებთ, რომ წინა შაბათ-კვირას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერები დაამონტაჟეს გორის რაიონის სოფლებთან – ხურვალეთთან, წითელუბანთან და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან.

კომენტარები
იტვირთება...