“საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გამო, ევროკავშირი სადამკვირვებლო მანდატს გაზრდის”

შიდა ქართლში კონფლიქტურ ზონებთან შექმნილი დაძაბული სიტუაცია და პრობლემის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრისას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ და საქართველოში ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კიასტუტის იანკაუსკასმა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს შექმნილი ვითარება და პრობლემის დეესკალაციის გზებზე იმსჯელეს. 

„ვითარება ნამდვილად არ არის ადვილი. სიტუაცია, რომელიც არა მარტო მედიაში, პოლიტიკურ წრეებშიც ტრიალებს უამრავი მსჯელობის და ხმამაღალი განცხადებების საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირი მისი სადამკვირვებლო მისიით აპირებს კიდევ უფრო გაზარდოს და ინტენსიფიკაცია მოახდინოს თავისი სადამკვირვებლო მანდატის“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე განცხადებით, ევროპელ სტუმრებთან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მთავრობის პოზიცია და იმ რეზოლუციის შინაარსი გააცნო, რომელსაც გაერთიანებული კომიტეტები, დღეს დროებით კომისიასთან ერთად, განიხილავენ.

შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გუშინ ერგნეთში გამართული შეხვედრის შედეგებზე და მონიტორინგის მისიის ჩართულობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული საზღვრის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მოპოვებულ ინფორმაციას ბრიუსელს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აწვდის. რაც შეეხება ერგნეთის შეხვედრას, კიასტუტის იანკაუსკასის შეფასებით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრისას, მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული.

„გუშინ გამართული შეხვედრის შედეგები წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მრგვალი მაგიდის ფორმატში სამხედრო ძალების ადმინისტრაციული საზღვრიდან მოშორებით გადაადგილებაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს პროვოკაციულ ქმედებებს.

დღეისათვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რეგიონში სიმშვიდე შენარჩუნდეს“, – აღნიშნა კიასტუტის იანკაუსკასისმა.

მისივე განცხადებით, დღესვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ვითარების ადგილზე გასაცნობად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთს ეწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...