საოჯახო ტიპის სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა.

20 ივნისის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით (AirBnB, booking.com და სხვა ) აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს.

კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში, შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროსათვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელის განსაზღვრას.

გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.

რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი.

პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს.

მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით.

მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

სემეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგად. განხილვებში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, საოჯახო სასტუმროს მფლობელები, ბინის გამქირავებლები, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და ენერგოომბუდსმენი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...