სანიკიძე: ბიძინა, ხელი არ წაგიცდეს და ვინმე არ შემოგაკვდეთ ქუჩაში, თორემ უმართავი პროცესები იქნება!

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი” განმარტება გააკეთა საკუთარ განცხადებაზე, რომელიც მან 2 დღის წინ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გააკეთა.

გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ მისი განცხადება მუქარა არ იყო და მან გაფრთხილება გააკეთა, რომ ხელისუფლება არ გადავიდეს მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტაზე.

“რა ვთქვი გაუგებარი? თუ ხელისუფლება გადავა ტერორზე, დაიწყებს ხალხის ხოცვას, აბა როგორ იქნება?! ეს არ იყო მუქარა, გაფრთხილება გავაკეთე. ლოგიკას გავყვეთ. ჩემს დაძახებაზე ნახევარი მილიონი გამოვა?! რევოლუცია თუ მოხდება, ამის ავტორი იქნება ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვის ხელისუფლება აგებს პასუხს შექმნილ ვითარებაზე. რამე ახალს ვიგონებ?

თუ ხელისუფლება იწყებს ტერორს, თუ ხელისუფლება გადადის მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა ჟლეტაზე, მაშინ ხალხს რა რჩება? თუ ხელისუფლება არ იქცევა სწორად… როცა ლაშა ჩხარტიშვილს იჭერენ ლობიოს მაღლა ასვრისთვის, როდესაც მცხეთაში წაქცეულს ფეხებს ურტყამენ, ჯერ ერთი საქართველოა თუ რა არის? ეს ძალათ ვაჟკაცი ბიჭები?! პოლიცია მხარე არ არის?! მე ყველას არ ვგულისხმობ. პატრულთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომელიც პირნათლად მუშაობს. როცა პოლიციაზე ვლაპარაკობ ამათზე ვლაპარაკობ, ეს ქართული პოლიციაა თუ ბიძინას პოლიციაა?! გაფრთხილებას ვაკეთებ და ვიმეორებ, ბიძინა ხელი არ წაგიცდეს და ვიღაცა არ შემოგაკვდეთ ქუჩაში, თორემ უმართავი პროცესები იქნება. კახა კალაძემ რა თქვა ახლა? მან თქვა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ დაპირისპირებასო? ამაზეა საუბარი ზუსტად. ეს არ არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება.

ხელისუფლებაში არიან ჭყინტი ხალხი და არ გამოუცდიათ ეს. მე და ჩემმა მეგობრებმა ყველაფერი ვნახეთ. რა ტყვიაც ესროლეს საქართველოს, ყველა ტყვია ჩვენ და ჩვენ თაობას მოგვხვდა. ამიტომ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა და გაფრთხილებას ვაკეთებ. კონტრაქციები არის ხელისუფლების ბოლო სტადია”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში 2 დღის წინ ასეთი განცხადება გააკეთა: “ამ გაწევ-გამოწევაში და ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა, ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად