სანდრო ბრეგაძე: ფილმს – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ოკუპაციასთან ვაიგივებ

საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

„ქართული მარში“ ფილმის ჩაშლით იმუქრება. მათი თქმით, ფილმში ნაჩვენები 2 ახალგაზრდა მამაკაცის სასიყვარულო ისტორია ქართულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ორგანიზაციის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ამის შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ამ მონაკვეთს:

_ რატომ აპირებთ ფილმის ჩაშლას და პროტესტის რა ფორმებს გამოიყენებთ?

_ ეს ფილმი არ წარმოადგენს არანაირ მხატვრულ ღირებულებას. ეს ფილმი არის თავისუფალ გერმანიაში გებელსის პროპაგანდის მსგავსი პროპაგანდისტული ფილმი.

_ თქვენ ნანახი გაქვთ ეს ფილმი?

_ კი ბატონო. მაქვს ეს „ბედნიერება“, რომელიც არის პროპაგანდისტული ფილმი და რომელიც ეწევა ჰომოსექსუალიზმისა და გარყვნილების პროპაგანდას. ნატურალურად ნაჩვენებია მამაკაცებს შორის სექსი და მამაკაცებს შორის სექსუალური ურთიერთობები და ეს ყველაფერი განხილულია, როგორც დადებით და მისაბაძ კონტექსტში და მომავალი თაობებისადმი მოწოდებაა, რომ ჰომოსექსუალური წესით იცხოვრონ.

_ კი, მაგრამ ფილმი ხომ ისეთი პროდუქტია, რაც ვიღაცისთვის შეიძლება მისაღები იყო, ვიღაცისთვის მიუღებელი, ვიღაცისთვის აქვს მხატვრული ღირებულება, ვიღაცისთვის კი არა?

_ კი ბატონო. არის ფილმები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის და საფრთხეს ადამიანებისათვის. მაგალითად, როდესაც საქართველოს დაკვეთით გადაიღეს აგვისტოს ომზე ფილმი „აგვისტოს 5 დღე“, ამის საპირისპიროდ რუსებმაც გადაიღეს, სადაც აღწერილია როგორი „განმათავისუფლებელი“ ბრძოლა აწარმოეს რუსმა ოკუპანტებმა. ეს ფილმი აკრძალულია საქართველოს ტერიტორიაზე და აკრძალული უნდა იყოს, რადგანაც არ შეიძლება ოკუპანტების მხარდამჭერი და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის ჩვენება. ჩემთვის იგივე საფრთხეს წარმოადგენს ეს ფილმიც.

_ ოკუპაციასთან აიგივებთ?

_ კი ბატონო. ოკუპაციის პროპაგანდასთან ვაიგივებ მე „მამათმავლობის“ პროპაგანდას. ეს ორივე ჭუჭყი და ტალახია, რომელიც არ უნდა მივიდეს მომავალ თაობებთან. ისევე როგორც ოკუპაცია ვნებს ქართულ სახელმწიფოს, ასევე ვნებს „მამათმავლობის“ პროპაგანდაც.

ჩვენ თუ აბსოლუტურ თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, მაშინ გამოვიტანოთ ხაჯიმბას სურათები, კოკოითის სურათები და ა. შ.

_ სხვაგან გადაგყავთ საუბარი.

_ რატომ გადამყავს სხვაგანა?! მაგალითად ხაჯიმბა ჩემთვის „მამათმავლობაა“.

P.S. ინტერვიუში არაერთხელ გაჟღერდა განცხადებები, რომელიც ლგბტქ თემის მისამართით შეიცავს სიძულვილის ენას. “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ჰომოფობიურ განცხადებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად