ბრეგაძე “აიპრესის” კითხვაზე: ცილს მწამებთ, ზუსტად ეს არის ის, რაც ამ “ლიბერასტულ” მედიას გაქვთ

საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ქართველი წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმი ასევე წარდგენილია ოსკარზე, შვედეთის სახელით და ასევე ევროპული საუნივერსიტეტო ფილმების ჯილდოზეც.

„ქართული მარში“ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის ჩაშლით იმუქრება. მათი თქმით, ფილმში ნაჩვენები 2 ახალგაზრდა მამაკაცის სასიყვარულო ისტორია ქართულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ორგანიზაციის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ამის შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ამ მონაკვეთს:

სანდრო ბრეგაძე: არის ფილმები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის და საფრთხეს ადამიანებისათვის. მაგალითად, როდესაც საქართველოს დაკვეთით გადაიღეს აგვისტოს ომზე ფილმი „აგვისტოს 5 დღე“, ამის საპირისპიროდ რუსებმაც გადაიღეს, სადაც აღწერილია როგორი „განმათავისუფლებელი“ ბრძოლა აწარმოეს რუსმა ოკუპანტებმა. ეს ფილმი აკრძალულია საქართველოს ტერიტორიაზე და აკრძალული უნდა იყოს, რადგანაც არ შეიძლება ოკუპანტების იდეოლოგიის გატარება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ამსახველი ფილმის ჩვენება. ჩემთვის იგივე საფრთხეს წარმოადგენს ეს ფილმიც.

_ ოკუპაციასთან აიგივებთ?

_ კი ბატონო. ოკუპაციის პროპაგანდასთან ვაიგივებ მე „მამათმავლობის“ პროპაგანდას. ეს ორივე ჭუჭყი და ტალახია, რომელიც არ უნდა მივიდეს მომავალ თაობებთან. ისევე როგორც ოკუპაცია ვნებს ქართულ სახელმწიფოს, ასევე ვნებს „მამათმავლობის“ პროპაგანდაც.

ჩვენ თუ აბსოლუტურ თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, მაშინ გამოვიტანოთ ხაჯიმბას სურათები, კოკოითის სურათები და ა. შ.

_ სხვაგან გადაგყავთ საუბარი.

_ რატომ გადამყავს სხვაგანა?! მაგალითად ხაჯიმბა ჩემთვის „მამათმავლობაა“.

_ ამ ლოგიკით მაშინ სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს? თუ ადამიანი ლგბტქ თემის წარმომადგენელია ციხეში ჩავსვათ? აქეთ მიგყავთ საუბარი?

_ ზუსტად ეს არის ის, რაც ამ „ლიბერასტულ“ მედიას გაქვთ. მე ვთქვი, რომ ყველა ჰომოსექსუალი ციხეში ჩავსვათ-მეთქი? თქვენ რასაც მეუბნებით, ეს უკვე ცილისწამებაა. მე არ მითქვამს ასეთი რამე.

_ არც მე მითქვამს, რომ ასეთი რამე თქვით. მე ბრალს არ გდებთ, მე კითხვას გისვამთ.

_ მე აქ საუბარი მაქვს პროპაგანდაზე და არა კონკრეტულ პიროვნებებზე. რომელიმე ჰომოსექსუალი, რომელიც მამაკაცია და სურს, რომ ქალი იყოს, ჩვენ მათ არ ვებრძვით, არ მოხდეს მისი პროპაგანდა.

_ ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებთ.

_ თქვენ იცით ამ სიტყვის განსაზღვრება?

_ დიახ.

_ რას ნიშნავს?

_ ლგბტქ თემის მიმართ შიშს.

_ ბერძნულად ჰომო ნიშნავს ადამიანს, ხოლო ფობია შიშს. მე არ მაქვს შიში ადამიანების მიმართ. ამიტომ, სანამ ინტერვიუზე დამირეკავთ ხოლმე, უკეთესად მოემზადეთ, რომ მეც უკეთესი პასუხები გაგცეთ. მე არ მაქვს არც ადამიანების, არც მამაკაცების და არც ჰომოსექსუალების შიში. მე მაქვს მათ მიმართ სიბრალულის გრძნობა, რომელიც ზიზღით კი არ ვარ განწყობილი, არამედ გამომდინარეობს ქრისტიანობიდან. მე მინდა, რომ ისინი კი არ დავაპატიმროთ, არამედ ისინი ჭეშმარიტების გზაზე დავაყენოთ ქრისტიანული სიყვარულით. თუ ადამიანი ასეთად არის დაბადებული, ჩვენ მას ბრალს ვერაფერში ვერ დავდებთ.

_ რასაც ამბობთ, ეს დემოკრატიული ცნებებია?

_ რა თქმა უნდა. ახლა დემოკრატია რას ნიშნავს, ეგ მითხარით.

_ ჩემი განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნავთ თუ ინტერვიუს მაძლევთ?

_ არა, უბრალოდ დემოკრატიის განსხვავებული გაგება არსებობს. მაგალითად, გია ბარამიძეს, რომელმაც აფრასიძეები ჩახოცა სახლში დემოკრატია სხვანაირად ესმის. ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და ილია ჭავჭავაძეს სხვანაირად ესმოდათ დემოკრატია. მე მაინტერესებს, თქვენ როგორ გესმით.

_ ბატონო სანდრო მაშინ ასე შევთანხმდეთ, თქვენ ჩაწერეთ ჩემთან ინტერვიუ და მზად ვარ ყველა კითხვაზე ამომწურავად გიპასუხოთ. ამ შემთხვევაში კი, ჟურნალისტი მე ვარ და კითხვებს მე დავსვამ.

_ მე მეგობრულად გეუბნებით. თქვენ უკვე გაბრაზებული მპასუხობთ, რომ თქვენ ჩაწერეთ ჩემთან ინტერვიუო. ჟურნალისტს ნერვები არასდროს არ უნდა მოგეშალოთ.

P.S. ინტერვიუში არაერთხელ გაჟღერდა განცხადებები, რომელიც ლგბტქ თემის მისამართით შეიცავს სიძულვილის ენას. “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ჰომოფობიურ განცხადებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად