სანდრო ბაზაძემ მონრეალის გრან პრიზე მესამე ადგილი დაიკავა

მონრეალში კანადის გრან პრიზე ხმლით მოფარიკავეთა ასპარეზობა დასრულდა.

წარმატებით იასპარეზა საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა გუნდის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ. მოასპარეზეთა შორის მე-9 განთესვის მქონე სანდრო ბაზაძე ჯგუფური ტურნირიდან თავისუფალი იყო და შეჯიბრებაში ოცდამეთორმეტედფინალიდან ჩაერთო. აქ მისი მეტოქე იყო თანაგუნდელი მიხეილ მარდალეიშვილი. შეხვედრაში გამარჯვების (15:5) შემდეგ ბაზაძე მეთექვსმეტედფინალში გავიდა, სადაც თურქ ენვერ ილდირიმთან ორთაბრძოლაში 15:11 გაიმარჯვა.

მერვედფინალში სანდრო ბაზაძის მეტოქე საბერძნეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე უნგრელი ჩანად ჟემესი იყო. ბაზაძემ დაძაბულ ორთაბრძოლაში 15:13 დაამარცხა მეტოქე და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას მსოფლიო ჩემპიონთან, N1 რეიტინგის მქონე სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰთან მოუწია დაპირისპირება. უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში, ანგარიშზე 12:14, ბაზაძემ მეტოქისთვის ზედიზედ სამი ჩხვლეტის მიყენება შეძლო და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალური შეხვედრა რეიტინგში მე-4 ადგილზე მყოფ იტალიელ ლუკა კურატოლისთან ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

ამრიგად, სეზონის სასტარტო შეჯიბრებაზე სანდრო ბაზაძემ მესამე ადგილი დაიკავა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის ბრძოლაში მეტად საჭირო ქულები მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად