სანამ სამსახურიდან წასვლას მაიძულებდეთ – მაგდა კლდიაშვილის ბლოგი

შესავლის ნაცვლად: „არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს“ (ლუკას სახარება, თავი 8. 17

ის რაც ყველამ ვიცით: მინისტრების, (მათ შორის სპორტისაც), ფედერაციების, (მათ შორის ფეხბურთისაც) ხელმძღვანელების და საერთოდაც ყველა ჩინოვნიკის პოსტი წარმავალია. მიდიან და მოდიან, მოდიან და მიდიან… ხსნიან და ნიშნავენ და პირიქით…

ის, რაც ასევე ყველამ ვიცით: სიმართლის დრო ერთ დღეს აუცილებლად დგება…

ერთი წლის შემდეგ: თითქმის ერთი წელი გადის, რაც რადიო ჯაკო ფმ დავტოვე, თუმცა იქიდან არავის გამოვუგდივარ. ფონი შეიქმნა ისეთი, რომ უნდა წამოვსულიყავი, რადგან გამოცემამ, რომლისთვისაც მე ვმუშაობდი, თავად დაწერა, რომ მისი ჟურნალისტი ცრუობდა, ატყუებდა საზოგადოებას და არც ბოდიშები დაუშურებია.
როგორც ჩანს, ასე ჩათვალეს საჭიროდ „დიდი კაცების“ საამებლად…

სტადიონის საქმე: ჩემს მკითხველს ალბათ ახსოვს მძლეოსნობის სტადიონის საქმე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 11 მაისის განკარგულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, პრემიერს კი შუამდგომლობით საქართველოს სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიმართა. იმ ფონზე, რომ საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ნადგურდება, ეს კარგი სიახლე უნდა ყოფილიყო, მაგრამ…

მაგრამ, ეს არ იყო ჩვეულებრივი ნიუსი… ამიტომაც მალავდა მას საგულდაგულოდ სამინისტროც და ფეხბურთის ფედერაციაც…

მივიღე ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რათა მძლეოსნობის სტადიონი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთვის“ გადაეცათ, რომლის პრეზიდენტი და დამაარსებელი, სპორტის ამჟამინდელი მინისტრი იყო, ხოლო ახლა მისი მეუღლეა წილის მფლობელი.

რასაკვირველია, გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ეს მინისტრის ყოფილი გუნდისთვის კეთდებოდა. ინფორმაციის გადამოწმება ყველასთან ვცადე, მათ შორის არაერთხელ დავრეკე სამინისტროშიც, რასაც იმედია დღესაც არავინ უარყოფს…

ჩემი, როგორც ჟურნალისტის ფუნქცია იყო, ამის შესახებ გამეჟღერებინა, თუნდაც პრევენციის მიზნით…

სამმა წყარომ ამბავი დაადასტურა. მასალა რედაქტორთან შეთანხმებით დავწერე და აქედან დაიწყო….

დაიბარეს რადიოს ხელმძღვანელი, რომელმაც მეორე დღეს ბოდიშებით სავსე წერილი გამოაქვეყნა, რადგან ბოდიში, რომელსაც ჩემგან ელოდნენ სიმართლისთვის, ვერ მიიღეს, რადიოს ხელმძღვანელმა კი მითხრა, რომ კომპანიას საფრთხეში ვერ ჩააგდებდა. შევთავაზე, ეჩივლა სამინისტროს, სასამართლოში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, მაგრამ მივიღეთ ნონ სენსი. რედაქციამ, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, საკუთარ ჟურნალისტს, ანუ მე – ქარტიაში მიჩივლა. განხილვაზე, ისიც აღნიშნა, რომ მე და რადიოს რედაქტორი, სპორტის მინისტრის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას ვეწეოდით.

ცოტა სახალისოც კი გახდა ამბავი.

სამინისტრო, ფედერაცია, რედაქცია ერთად და მე… არ იყო მარტივი სისტემასთან დაპირისპირება… თუმცა იმის განცდა, რომ ჩემს უკან ჩემი სიმართლე იდგა, გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ყველა ერთად შეკრული ჩინოვნიკი. რადგან, მართალია, ეს ამბავი ფურცელზე აღარ გაფორმებულა, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ეს თემა დღის წესრიგში იდგა…

ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ჩემი სამსახურიდან იძულებით წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს ჟურნალისტებთან დახურული შეხვედრა ჰქონდა და როდესაც მას მძლეოსნობის სტადიონზე ვკითხე, მან მატყუარად გამომაცხადა…

მე მას (ლევან კობიაშვილს) უზარმაზარ პატივს ვცემდი, დიდ იმედებს ვამყარებდი მასზე და ადამიანმა, რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ არ ვტყუოდი,უნდა სცოდნოდა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, მატყუარა მიწოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქმე განიხილა და პირველ ნაწილში დამნაშავედ მცნო, რაც გულისხმობს 1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სამაგიეროდ, მესამე პუნქტში, რომელშიც ჩემივე გამოცემა ჩემს დადანაშაულებას ითხოვდა, გამამართლა.

3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

თუკი ჟურნალისტს წყარო დადასტურებული ჰყავს, ამბობს, რომ მას არ გაუყალბებია დოკუმენტები და ინფორმაცია, მაშინ, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შევიყვანე საზოგადოება შეცდომაში, როგორ მივაწოდე მათ მცდარი ინფორმაცია?

მაშინ კიდევ ბევრი რამე დარჩა ჩემთვის გაუგებარი… თუმცა, არა… ყველაფერი გასაგები იყო…

პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში, ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული სტადიონი, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა მოწყობილიყო. ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, მისი მესამე პირზე გადაცემის უფლება მიეცა. როდესაც სფფ-ში ვარკვევდი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, თუ ვინ იქნებოდა ეს მესამე პირი, ან მითითებული ჰქონდა თუ არა "საბურთალოს" ლიცენზირების კომიტეტში აღნიშნული სტადიონი, სფფ-ს პიარმა, განმიცხადა, რომ ეს თავად "საბურთალოში" უნდა გამერკვია.

რამ გამახსენა ეს ამბავი…

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩნდება ინფორმაცია, რომ თბილისის „საბურთალო“, 17 ივნისს, პირველ საშინაო შეხვედრას თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ, სწორედ იმ მძლეოსნობის სტადიონზე გამართავს, რომელიც დღეს უკვე გარდაცვლილი დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს…

შეიძლება დამთხვევაა, შეიძლება ჯერ ასე იწყებენ და მერე ისე მიიყვანენ საქმეს ბოლომდე, როგორც ხდება ხოლმე… ბევრი რამე შეიძლება…

თქვენ წახვალთ, ბატონებო, პოსტებს შეიცვლით, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ადამიანს ტყუილში დაადანაშულებთ და მერე შეგრცხვებათ, მაგრამ…

სანამ სამსახურიდან წასვლას მაიძულებდეთ, სანამ ადამიანებს განაჩენს გამოუტანდეთ, გახსოვდეთ: „არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს“ (ლუკას სახარება, თავი 8. 17).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად