“სანამ ხელები დამემორჩილება, არ გავჩერდები” – 82 წლის ნუნუ ბერიას უნიკალური თოჯინების კოლექცია

ხუთი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი თოჯინა აქვს შეკერილი. როგორც თავად გვიყვება, არცერთი მის მიერ შექმნილი თოჯინა არ ჰგავს ერთმანეთს, ყველას განსხვავებული სახე და ტანსაცმლის დიზაინი აქვს. ხელნაკეთი თოჯინების მცირე კოლექცია სახლში აქვს, ასეულობით კი გაყიდულია.

ამბობს, რომ მისთვის თოჯინების კერვა ჰობის გარდა, შემოსავლის წყაროც არის. გაჩერებას კი იქამადე არ აპირებს, სანამ ხელები დაემორჩილება.

 როდის გადაწყვიტეთ ამ საქმიანობის დაწყება, რატომ მაინც დამაინც თოჯინები?

– სულ პირველად ბავშვობაში დავიწყე ამის კეთება. ომი ახალი დამთავრებული იყო, არ იყო თოჯინები, არც ტელევიზია, არც რადიო, მოკლედ არაფერი. მამა სამხედრო იყო, ომი რომ დამთავრდა 1945 წელს გაანაწილეს ბათუმში, ჩვენი დედულეთი კი ზესტაფონი იყო და მე და ჩემ ტყუპისცალ  დას სკოლის შემდეგ დედა არდადეგებზე გვგვაზნიდა ხოლმე ლახუნარაში. ეს იყო ძალიან ლამაზი სოფელი, ულამაზესი ეზოთი. ამ ეზოში მთელი ზაფხული დავრბოდით, ვთამაშობდით, ხეებზე დავცოცავდით და მერე ეს ყველაფერიც მოგვბეზრდა. ერთ მშვენიერ დღეს სიმინდებში დავრბოდით, გადატყდა ერთი სიმინდი, შიგნით გამოჩნდა თეთრი ღრუბელივით მასა, თავში იმ წუთში აზრი მომივიდა, რომ გვერდები ჩამომეცალა მისთვის, ჯოხი გავუყარე და გავაკეთე თოჯინა. ალბათ რაღაც განგებამ მიკარნახა ეს,აკვნებსაც ვაკეთებდით, ურმებსაც ჩალის ღეროსგან. დროთა განმავლობაში დამავიწყდა ეს ყველაფერი, სწავლა დავამთავრე, სპეციალობით ექთანი ვარ, შემდეგ  გავთხოვდი კახეთში.    მე ორი ბიჭი მყავდა, ჩემი ბიჭი რომ დაქორწინდა  და რომ გაჩნდა გოგონა,  რატომღაც მინდოდა მისთვის შემეკრა თოჯინა, მაშინ გამახსენდა ეს ჩემი მივიწყებული ჰობი.

შევკერე თოჯინები და პირველად ვაჩვენე თელავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს, ფიქრია ყუშიტაშვილს და ვკითხე რა აზრის იყო, ფიქრიამ მითხრა ჩვენ ასეთ ადამიანებს ვეძებთო, ეს არის ხელოვნებაო და გამოფენები რომ იქნება, აუცილებლად მიგაღებინებთ მონაწილეობასო. მას შემდეგ უფრო აქტიურად დავიწყე კერვა.

დაახლოებით რამდენი წელია, რაც ასე აქტიურად დაიწყეთ თოჯინების კერვა?

დაახლოებით 4-5 წელი იქნება, თან მოგეხსენებათ როგორ გაჭირდა ცხოვრება, ვყიდი ჩემს თოჯინებს და ეკონომიურადაც მეხმარება ცოტა. ადრე ვქსოვდი და ვქარგავდი, მაგრამ როდესაც თოჯინებზე მუშაობა დავიწყე, ეს საქმე უფრო მარტივი აღმოჩნდა, თან ვზივარ და ისე ვაკეთებ. ასე, რომ ამ საქმემ ისე ჩამითრია, ახლა ვდგავარ და ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ კიდევ დიდხანს ვიცოცხლო რომ კიდევ გავაგრძელო და უფრო მეტი თოჯინა შევქმნა. ეს ისეთი ლამაზი ქმნილებაა, ისეთი საყვარელია, ჩემს სითბოს, ჩემს სიკეთეს, ჩემს სულიერებას ვაქსოვ თითოეულ მათგანში. ამას ვინც იყიდის, ასე ვთქვათ, გადაედება ჩემი დადებითი აურა და ენერგია. იქნებ მასაც გაუჩნდეს შემდეგ თოჯინის შეკერვის სურვილი,ხომ არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან თავიანთი ფარული ნიჭის შესახებ და უცბათ აღმოაჩენენ ხოლმე.

თოჯინების კერვა კიდევ რაში მეხმარება იცით? ასაკი უკვე დიდი მაქვს, დღეს ვარ  ხვალ აღარ ვიქნები. მათი საშუალებით ვათვალიერებ ქალაქის ქუჩებს, შევდივარ ხალხთან კონტაქტში და ა.შ. ხელებს სანამ შეუძლია ამის კეთება, ვერავინ ვერ გამაჩერებს.

თოჯინების შესაკერად საჭირო მასალას როგორ არჩევთ?

მკერავები მაძლევდნენ ნაჭრებს, არცერთს არ უთქვამს უარი, შემდეგ მე რომ შევკერავდი ხოლმე თოჯინებს, ყველა  მათგანს პატივისცემის ნიშნად სახსოვრად ვჩუქნიდი. ასევე ჩემი და მიგზავნის ძალიან ლამაზ ნაჭრებს თბილისიდან. ნაჭერს რომ შევხედავ, უკვე ვიცი იქიდან რა თოჯინა უნდა შევკერო,

ვერ გეტყვით როგორ ვხვდები. აი  მაგალითად, ზოგიერთი თოჯინა მაწვალებს, არ გამოდის ისეთი, როგორიც მინდა ხოლმე,ამ დროს ვიწყებ ნაჭრების ქექვას, ვეძებ რაღაცას და უცბათ აღმოვაჩენ სათანადო ნაჭერს, თითქოს ვიღაც ხელს კრავს და წინ გადმომიგდებს ხოლმე.

ნაჭრის გარდა, კიდევ რა მასალას იყენებთ კერვის პროცესში, როგორ იქნება თქვენი თოჯინები, გვიამბეთ კერვის პროცესის შესახებ

ვიღებ მატერიას, რომელიც აუცილებლად თეთრი უნდა იყოს, რათა თოჯინა ლამაზი გამოვიდეს. შემდეგ ვაცმევ   ,,პადიუპკას,, და თან ვურთავ ფარდის მაგვარ  უხეშ ნაჭერს, რომ ზემოდან გადაცმული კაბა ლამაზად დადგეს.ამ ყველაფრის შემდეგ კი ნელ-ნელა ვიწყებ მის გალამაზებას. ხან ღამით გამღვიძებია და საათობით მიფიქრია ხოლმე კაბის დიზაინზე.

თოჯინების სხეული მკვრივი უნდა იყოს, ხომ მრჩება ხოლმე წვრილ- წვრილი ნაჭრები და კარგად გამოვტენი ხოლმე ნაჭრით, რომ  თამაშის დროს არ დაიღუნოს. ყველა ნაჭერს ვრეცხავ, ვაუთოვებ, სანამ გამოვიყენებ.

დროის რა მონაკვეთს უთმობთ თოჯინების კერვას?

დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საოჯახო საქმე მაქვს.თუმცა  მაქვს ჩემი პატარა წუთები, როდესაც მამაკაცები იძინებენ და მარტო ვრჩები ან სამზარეულოში და საჭმელს ვაკეთებ, ან სერიალს ვუყურებ მაშინ ვკერავ,  დროს ისე ვანაწილებ ყველაფერს ვასწრებ. ეს  დრო დაკარგულად არ ითვლება, რასაც ამ საქმეს ვახმარ, ეს არის ჩემი სიამოვნება. და მე თუ მკითხავთ, ყველა ქალს უნდა ჰქონდეს თავისი სასიამოვნო წუთები, უნდა მოაუროს თავის თავს რომ ლამაზად მიაღწიოს ცხოვრების ბოლო წუთამდე. არ მინდა რომ ისე დავვარდე, რომ სხვისი მოსავლელი ვიყო და ეს თოჯინები არ მაძლევენ მოდუნების საშუალებას, პირიქით მახალისებენ ძალიან.

სულ რამდენი თოჯინა გაქვთ შეკერილი ამ პერიოდის განმავლობაში?

500-ზე მეტი მაქვს და მერე უკვე აღარც დამითვლია უკვე, რაღაზე დავთვალო. არ არსებობს ორი ერთანირი მათ შორის. თვალ-წარბს ჯერ კალმით დავხატავ ხოლმე და შემდეგ ნემსით ვქარგავ. ერთნაირი სახის თოჯინა ჩემს კოლექციაში არ არსებობს. იმასაც დავამატებ, რომ ადრე მანქანა დამეჯახა და მხოლოდ ცალი თვალით ვხედავ, ამ საქმეს მხოლოდ ერთი თვალით ვაკეთებ.

ყველა თოჯინას ყიდით, თუ გაქვთ გამორჩეული კოლექცია, რომლის გაყიდვაც გენანებათ?

ვთქვათ დავიწყე თოჯინის კერვა და არ მაწვალებს, მიდის პროცესი იდეალურად, აი ის თოჯინა გამოდის ხოლმე ულამაზესი  და იმას არ ვყიდი, მენანება. მაგრამ ხანდახან არის  გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ვინმეს ვაჩუქებ ხოლმე.

სად ყიდით ხელნაკეთ თოჯინებს?

თოჯინების გასაყიდად რომ გავდივარ, ვიძახი სანადიროდ მივდივარ მეთქი.

ძირითადად შევდივარ დაწესებულებებში, მაგალითად მერიაში, ოფისებში შევდივარ ასევე. ვეუბნები ყველას, გნებავთ ხელნაკეთი თოჯინები? ზოგი ყიდულობს, ზოგი მეტყვის ხოლმე ფული არ მაქვს და რატომ შეგაწუხოთ ტყულადო, მე მაინც ამოვალაგებ და ვაჩვენებ და  ოცდებიან, ისე მოსწონთ. ზოგი ხმამაღლა გამოხატავს აღფრთოვანებას, ზოგს კი სახეზე ვამჩნევ ხოლმე.

საზღვარგარეთ, რომელ ქვეყნებში იგზავნება ნუნუ ბერიას ხელნაკეთი თოჯინები?

კანადაში წაიღეს,ასევე მეზობელმა კვიპროსში საჩუქრებად წაიღო, გერმანიაში, რუსეთშიც არის წასული. აქაც ტურისტები რომ არიან ჩამოსულები და ვეუბნები ხოლმე, თოჯინები არ გინდათ ჩემი გაკეთებული მეთქი? მეუბნებიან თავად ხარ თოჯინაო და მეც მიღებენ ხოლმე ფოტოებს. ერთმა რიგელმა ტურისტმა სოციალურ ქსელში ჩემთან ერთად გადაღებულ ფოტოზე დამიკომენტარა, რა ბედნიერი ვარ შენ რომ გავიცანიო. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულია ეს ყოველივე ჩემთვის.

.რას ურჩევდით პატარებს? რატომ უნდა მიანიჭონ უპირატესობა ხელნაკეთ სათამაშოებს?

ტელევიზიით ხშირად არის საუბარი, რომ ახლანდელი სათამაშოები შეიცავენ ტყვიას, რითიც ბავშვები იწამლებიან.  ჩემი თოჯინები არის მამაპაპისეული, ძველებური, უსაფრთხო, არის ძალიან სუფთა, ჩვილმა ბავშვმაც რომ დაიჭიროს ხელში, მისთვისაც კი ყოვლად უვნებელია. ვერ გატეხავენ, ვერ მოაგლეჯენ  ვერაფერს, ჩემი თოჯინები ბავშვებს მთელი დღე ხელში უჭირავთ ხოლმე და რომ დაწვებიან მათთან ერთად იძინებენ.

მე და ჩემ მეუღლეს ჯვარი დაგვწერა მამა  დავითმა, მის შვილიშვილს ვაჩუქე ძალიან  ლამაზი   თოჯინა. შემდეგ ვკითხე მამაოს, როგორ მოეწონა პატარას მეთქი და მითხრა მთელი დღე ხელით დაჰქონდა და მხოლოდ ღამით დადოო.

ინტერვიუს სწორედ ჯვრისწერის შესახებ კითხვით დავასრულებ.

თქვენ და თქვენმა მეუღლემ 80 წლის ასაკში დაიწერთ ჯვარი, მოგვიყევით  ცერემონიის დეტალების შესახებ…

საერთოდ მინდოდა, რომ ჯვარი დამეწერა, მაგრამ ცოტა ჯიუტი ქმარი მყავს  და ვიცოდი რომ   არ გამომყვებოდა. არ მინდოდა ისე წავსულიყავი ამ ქვეყნიდან, რომ ჯვარი არ გვქონოდა დაწერილი. ჩემი შვილიშვილი და  მისი მეუღლე ფოტოგრაფები არიან. ერთ დღესაც ჩემი შვილიშვილი მირეკავს და მეუბნება, ორ საათში ჩამოვდივართ და ჯვარი უნდა დაგწეროთო.  მე ვუთხარი რანაირად ბებო,მზად არ ვართ მეთქი, თუმცა წინასწარ ყველაფერი გათვალისწინებული ჰქონიათ. უყიდიათ თეთრი კაბა, გვირგვინი, თაიგული, ჩემი ქმრისთვის ბაბოჩკა, საროჩკა და ჩამოვიდნენ.

მივედით ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, დავიწერეთ ჯვარი და ვიფიქრე ამით დამთავრდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, წაგვიყვანეს ნადიკვარზე ფოტოსესიისთვის.  მეგონა სამახსოვრო სურათები უნდა გადაეღოთ და თურმე ფეისბუქზე დასადებად უნდოდათ.

ჯვრისწერის მომენტში კი იმეხლა პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომ შენ ვიღაც გლოცავს, გზას გაძლევს. რომ ვფიქრობდი, ასე მოვიტანე ამდენი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახი, პირნათლად შევასრულე მოვალეობები და იმ სამყაროში ჯვარდაწრილი წავალ, ეს იყო საოცარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში.

ავტორი: ნათია ნანაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...