სამთვიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა

18 აპრილიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ და გაფართოებულ საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ანახლებს.

18 აპრილს, 01:20 საათზე ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი რეგულარული რეისი შესრულდა, ვარშავიდან კი 20:45 საათზე. რეკონსტუირებული აეროპორტის ოპერირების დაწყებასა და Wizz Air-ის მიერ ფრენების განახლებასთან დაკავშირებით აეროპორტში იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოში აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრებს დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული ტერმინალი, რომელიც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატული ერთიანი სივრცეა – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო. მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. ახალი სერვისები და სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მაირამ ყარყარაშვილმა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო. შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...