სამთო-სათხილამურო კურორტებზე, სასრიალო გზაზე თოვლმავლით შესვლა აიკრძალება

სამთო-სათხილამურო კურორტებზე, სასრიალო გზაზე თოვლმავლით შესვლა აიკრძალება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც სამთო კურორტებზე უსაფრთხოების რეგულაციებს ითვალისიწინებს, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ კანონპროექტის უფრო გამკაცრებაზე მსჯელობენ.

„ინიცირებულ კანონპროექტში განმარტებები და განსაზღვრებებია გაკეთებული, თუ რა არის სასრიალო ტრასა, ვინ არის მოსრიალე ადამიანი და ა.შ. იმისთვის, რომ შემდგომ მათზე ზემოქმედება მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ არის ძალიან მკაფიო ჩანაწერები, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არის. ასევე არის ძალიან კონკრეტული აკრძალვები, რომ თოვლმავლით არ შეიძლება შესვლა იქ, სადაც ადამიანები სრიალებენ, ასევე მოცემულია, როგორ უნდა მოექცე სნოუბორდს, თხილამურს და მეტ-ნაკლებად გათვლილია ყველა ის რისკი, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს. ინიციატივა მთავრობაზე უკვე ატვირთულია, თუმცა, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ გავამკაცროთ თუ არა ეს კანონპროექტი, ანუ შევიტანოთ თუ არა ცვლილებები ამ მიმართულებით. ძირითადი პრინციპი არის ის, რომ ნასვამმა არ უნდა ისრიალოს, ასევეა განსაზღვრული, რომ თუ მოსრიალე ადამიანი თავისი ქცევით საფრთხეს უქმნის თავის თავს და გარშემომყოფებს, მასთან მიდის პატრული. შემდგომში ეს მოთხილამურე იქნება თუ არა გაძევებული ტრასიდან, ეს მეორე ნაწილია, თუმცა გაფრთხილებას, რომ მან ესე არ უნდა ისრიალოს, ფხიზელი ადამიანიც მიიღებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად