სამთავრობო კორპორაციული ქსელის აბონენტებს გაუქმებული მეგაბაიტები აღუდგებათ

კონსოლიდირებულ ტენდერში ჩართული საბიუჯეტო უწყებების აბონენტებს და არათანამშრომელთა ჯგუფში არსებულ სააბონენტო ნომრებს „მაგთიკომი" გაუქმებულ მეგაბაიტებს 17 თებერვლამდე აღუდგენს, – გადაწყვეტილება მობილური კავშირგაბმულობის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მოლაპარაკებების შედეგად შეცვალა.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აღდგენილი მეგაბაიტებით სარგებლობას აბონენტები 1-ელ ივლისამდე შეძლებენ, ვადის გასვლის შემდეგ კი დარჩენილი ერთეულები გაუქმდება.

აღნიშნულის შესახებ „მაგთიკომმა" კონსოლიდირებული ტენდერის კომისიას ოფიციალური წერილით აცნობა. კომისია გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებს, რის შემდეგაც შესაბამისი ოქმი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდება.

"მაგთიკომმა" კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი და სააბონენტო ნომერზე არსებული ინტერნეტერთეულები, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 1-ლი თებერვლიდან გააუქმა. მომხმარებელთა უკმაყოფილების გათვალისწინებით, კომპანიასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შორის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც შეთანხმებით დასრულდა.

2015-2016 წლების სამთავრობო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი მეგაბაიტების ვადა კი 2016 წლის 1-ელ თებერვლამდე განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად