“სამშობლოს დღის” დაწესებას საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსის ერთ-ერთ ქვეპუნქტში ცვლილებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ქალთა საერთაშორისო დღის – 8 მარტის, როგორც უქმე დღის გაუქმებისა და 14 მაისის “სამშობლოს დღედ“ გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

“ქართული სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვებების წინა პლანზე წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაციისათვის. თამარის მეფობის წლები საქართველოს ოქროს ხანად არის აღიარებული. ამ ისტორიულ ეპოქას სათავე დაუდო დავით აღმაშენებლის მიერ მოპოვებულმა გამარჯვებებმა. დიდგორის ბრძოლა იყო გარდამტეხი საქართველოს გაერთიანების გზაზე და ქართული სახელმწიფოს აღმავლობის საფუძველი.

ამ ბრწყინვალე მიღწევების “სამშობლოს დღესთან“ დაკავშირება და მისი აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. თამარის ხსენების დღე – 14 მაისი ეროვნულ დღესასწაულად – სამშობლოს დღედ – უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში, აგრეთვე უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება ამასთან, ყოველ წელს ამ დღესასწაულის ცენტრი უნდა იცვლებოდეს და აქცენტი გაკეთდეს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე ან რეგიონზე, სადაც მოხდება სამშობლოს დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა მოსახლეობისა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ”, – წერს ქანთარია პროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად