სამშობიარო სახლთან დაკავშირებით ფოთის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ფოთში, ერთადერთი სამშობიარო სახლის, სამეანო-ნეონატოლოგიურ განყოფილების გუქმებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 თებერვალს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, შპს „ქალაქ ფოთის გაერთიანებულ სამშობიარო სახლს“ უარი ეთქვა პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მინიჭებაზე, რაც გულისხმობს საქმიანობაზე ნებართვის შეჩერებას.
“ქალაქის ხელისუფლება ითვალისწინებს რა შექმნილი ვითარების სირთულეს, ცდილობს მისი კომპეტენციის ფარგლებში მოაგვაროს არსებული პრობლემა. ქალაქს არ გააჩნია ალტერნატიული სამშობიარო სახლი. სამეანო და ნეონატალური მომსახურების გარეშე დარჩენილი ფოთელები იძულებული არიან მიმართონ მეზობელ ქალაქებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს.
პირველ ეტაპზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მიერ მობილიზებულია ბრიგადები, რათა დროულად მოახდინონ ორსულთა ტრანსპორტირება უახლოეს ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებამდე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს კონსულტაციებს კლინიკის პერსონალთან არსებული პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრის მიზნით. ამასთანავე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, შესაბამის უწყებებთან ერთად, სამედიცინო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენთა დასაინტერესებლად და კერძო ინვესტორთა მოსაძიებლად“_ ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...