სამმაგი მკვლელობის ცრუ ბრალდების გამო, ამერიკელმა მამაკაცმა ციხეში 43 წელზე მეტი გაატარა

სამმაგი მკვლელობის ცრუ ბრალდების გამო ამერიკელმა მამაკაცმა ციხეში 43 წელზე მეტი გაატარა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AP იუწყება.

მედიის ცნობით, 63 წლის კევინ სტრიკლენდი 1979 წელს გაასამართლეს, მას 21 წლის ლარი ინგრამის, 20 წლის ჯონ უოკერის და 22 წლის შერი ბლექის მკვლელობა ედებოდა ბრალად. ეჭვმიტანილი მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო.

სასამართლოზე პროცესებზე იგი ამტკიცებდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მკვლელობის დროს სახლში ტელევიზორს უყურებდა. თუმცა, თვითმხილველის ჩვენება საწინააღმდეგოს მიუთითებდა. 1978 წლის სროლის ერთადერთი გადარჩენილი, სინტია დუგლასი აცხადებდა, რომ ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი სწორედ კევინ სტრიკლენდი იყო.

თუმცა, წლების შემდეგ, მოწმემ განაცხადა, რომ ჩვენების მიცემის დროს მასზე ზეწოლა პოლიციამ მოახდინა.

მოგვიანებით, საქმის ორმა მსჯავრდადებულმა განაცხადა, რომ სტრიკლენდი არ მონაწილეობდა მკვლელობებში. მათ თანამზრახველებად სხვა ეჭვმიტანილები დაასახელეს, რომლებსაც ბრალი არასოდეს წაყენებიათ.

მიმდინარე წლის აგვისტოში, პროკურორებმა ძველი საქმის ხელახალი განხილვა დაიწყეს. მათ იხელმძღვანელეს ახალი სახელმწიფო კანონით, რომელიც საშუალებას იძლევა გასაჩივრდეს ნასამართლობა, თუ პროკურატურა დარწმუნებულია, რომ მსჯავრდადებული პირი უდანაშაულოა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ სტრიკლენდის 1979 წლის მკვლელობებში მონაწილეობაზე არანაირი ფიზიკური მტკიცებულება არ მიუთითებდა. სამდღიანი მოსმენების შემდეგ, მისურის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ჯეიმს უელჩმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სტრიკლენდი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები
იტვირთება...