სამხრეთ კაროლინაში, დემოკრატების პრაიმერში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სამხრეთ კაროლინაში გამართულ დემოკრატების პრაიმერში გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ CNN და NYT ხმების 80%-ის დათვლის შედეგად იუწყება.

ბაიდენმა ამ შტატში ხმების 49,2% აიღო. მეორე ადგილზე ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი გავიდა ხმების 19,5%-ით, ხოლო მესამე ადგილი მილიარდერმა ტომ სტეიერმა ხმების 11,5%-ით დაიკავა. მეოთხეზეა სუთ-ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯიჩი ხმების 8%-ით, მეხუთეზე კი – მასაჩუსეტსის სენატორი ელისაბედ უორენი ხმების 6,9%-ით.

ბაიდენმა თავის Twitter-ზე მადლობა გადაიხადა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის.

„მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, პრესა და ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ჩვენი კამპანია მოკვდა. მაგრამ დღევანდელი საღამოს შემდეგ ნათელია, რომ ჩვენ ძალიანაც ცოცხლები ვართ და ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება, რათა გავაგრძელოთ წინ სვლა“, – წერს სანდერსი.

ბაიდენის თქმით, სამხრეთ კაროლინაში გამარჯვება მას ე.წ. სუპერ-სამშაბათს დაეხმარება, რომელიც მარტის პირველი სამშაბათია, როდესაც პრაიმერი ერთდროულად 15 შტატში ჩატარდება.

სტეიერმა, პრაიმერის შედეგების შემდეგ განაცხადა, რომ ტოვებს წინასაარჩევნო რბოლას. მილიარდერის თქმით, იგი ვერ ხედავს საკუთარი გამარჯვების შანსს.

აქამდე ჯო ბაიდენმა პრაიმერი წააგო ნიუ-ჰემფშირში და ნევადაში გამართულ კოკუსებში მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც მან ფავორიტის სტატუსი დაკარგა. ორივე შტატში კი გამარჯვება ბერნი სანდერსმა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...