ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ,,საჰაერო ძალების თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები სტარტს 24 თებერვალს აიღებს და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

სამხედრო მოსამსახურეები სპორტის 6 სახეობაში - პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში იასპარეზებენ. ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.

„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად იასპარეზებენ, სადაც მათ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები გაუწევენ მეტოქეობას. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.