“სამართლიანობის აღდგენა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა” – ინტერვიუ ლუკა კურტანიძესთან

„როდესაც ადამიანი საქმეზე მიდიხარ, წინასწარ გაქვს რაღაც ხედვა, მაგრამ როდესაც საქმეზე მიხვალ იქ უფრო კარგად გამოჩნდება. სამართლიანობის აღდგენის კუთხით, იმაზე მეტი პრობლემები აღმოჩნდა, ვიდრე თითოეული ჩვენგანი წარმოვიდგენდით“, – აცხადებს „აიპრესთან“ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე. 

დეპუტატს სამართლიანობის აღდგენის საკითხზე ვესაუბრეთ, იმაზე თუ რატომ ვერ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი მთავარი დაპირება – სამართლიანობის აღდგენა.

კურტანიძე ამბობს, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, უბრალოდ ეს დროის საკითხია.

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი მთავარი – სამართლიანობის აღდგენა ვერ შეასრულა. რას ეტყვით ამომრჩეველს, რატომ ვერ მოხერხდა ეს და ახლა რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი?

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაც მოიტანა ეს თავისუფალი საზოგადოებაა. ყველაფერი სწორი გზით მიდის. ხელისუფლება, როგორც ჩაგვრის მექანიზმი არ არის.

ერთ-ერთი მთავარია ისიც, რომ საზოგადოება გვკარნახობს ყველაფერს, ამაზე მეტყველებს საზოგადოების მოთხოვნა, არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა ნებისმიერი საკითხის დაყენების, რაც სახელმწიფოს აძლიერებს.

რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, დამერწმუნეთ ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც დიდი მოთმინებით ელოდებიან ამ სამართლიანობის აღდგენას. გარწმუნებთ, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, მაგრამ ეს უნდა აღდგეს არა იმ მეთოდებით, როგორც ეს ხდებოდა იმ გზით, რომ თუნდაც ქონებაწართმეულ ადამიანებს ქუჩაში ხვრეტდნენ, არამედ ფაქტებით რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს. ამ ფაქტებზე დაყრდნობით მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა იყოს გამოტანილი სასჯელი.

რაც არ უნდა ნაძირალა იყოს ადამიანი, ის მტკიცებულებების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯოს. არ უნდა გაჩნდეს გრძნობა, რომ ადამიანი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაისაჯა.

პროკურატურაში ათასობით საჩივარია შეტანილი, რომელსაც პროკურატურის შემადგენლობა კი არა და ორმაგი და სამმაგიც ვერ აუვა. დანაშაულებრივ ჯგუფთან, ისეთთან რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, რომელიც ეჭვმიტანილია რაზეც ბევრი ფაქტია ჩვენს საზოგადოებაში. დანაშაულთან ვერანაირი თანაარსებობა ვერ იქნება. მაგრამ ეს უნდა იყოს ისე, როგორც სახელმწიფოს და სამართლიან ქვეყანას შეეფერება.

ამბობთ, რომ სამართლიანობა სამ წელიწადნახევარში ვერ აღდგება, მაგრამ მოქალაქეები იმას გსაყვედრობენ რომ პროცესი არ დაწყებულა, ან ძალიან ნელი ტემპით მიდის…

პროცესები დაწყებულია. მიმდინარეობს ძიება, რასაც დრო სჭირდება. მათ შორის ვარ, ვისაც ჩქარი ტემპით მიმდინარეობა უნდა. ჩვენ გვეჩქარება ყოველთვის, ქართველებს ზე-აღმატებული ტემპით გვინდა ქვეყნის განვითარება, მაგრამ თუ გავიხედავთ გვერდზე,დივინახავთ, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. მაქსიმალისტობას უარყოფითი შედეგებიც მოაქვს, ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში. თუ გვინდა სამართლიანობის აღდგენა, უნდა გვესმოდეს, რომ ამას სჭირდება დრო.

საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, რაც უნდა გამოიხატოს იმაში რომ მოითხოვოს რა მოთხოვნებიც აქვს, თუნდაც სამართლიანობის აღდგენა. ეს არა მარტო ხელისუფლებასთან მიმართებაში უნდა გამოიხატებოდეს, არამედ ეს უნდა გაკეთდეს ევროპისა და ცივილიზებული სამყაროს გასაგონად.

ამას რატომ გაუსვით ხაზი? პროცესს ევროპა უშლის ხელს?

არა, ეს ასე არაა. მე ევროპაში 12 წელიწადი ვცხოვრობდი და ვიცი მათი დამოკიდებულება ფაქტებისა და მტკიცებულებების მიმართ. მათ ემოციის არ სჯერათ. ყველა ფაქტზე მტკიცებულებას ითხოვენ. მტკიცებულება, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოშია მოქცეული ამისი სჯერათ.

ყველაზე მთავარია, პოლიტიკური ნებაა იმის, რომ სამართლიანობა აღდგეს. არავინ არავის ხელს არ აფარებს. ან როგორ უნდა დავაფაროთ ხელი გარდაცვლილი ადამიანებით გამოწვეულ ტკივილს, იყვნენ დასახიჩრებული ადამიანები, რომლებმაც იმ ცხრაწლიან პერიოდში ჯანმრთელობასთან ერთად სიცოცხლეც დაკარგეს, დაამცირეს, გააუპატიურეს, ქონება, ჩამოართვეს… როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დვიწყება. ამას ვერასოდეს შევეგუებით.

ორ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლებაში გაკეთებული განცხადება, რომ ბიუჯეტში არ არის საკმარისი იმისათვის, რათა ქონება ჩამორთმეულ ადამიანებს საკუთარი ქონება დაუბრუნდეთ. ამავე დროს ციხეებში დღესაც რჩებიან პატიმრები, რომლებიც განაჩენის გადახედვას დღესაც ელოდებიან. იყო პირობა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა შექმნილიყო, მაგრამ ამაზეც უარი ითქვა. რას ეტყვით ამ ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ ეს საქმეები და დღესაც ელოდებიან შედეგს?

ჩვენ გამოვიტანეთ პოლიტიკური განაჩენი. ეკა ბესელიას კომიტეტში განვიხილეთ და დავადგინეთ, რომ ვინც ეჭვმიტანილია რაიმე ტიპის დანაშაულში მათ საჯარო სამსახურში მოხვედრის თეორიული შანსიც კი ვერ ექნებათ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც ეს უშუალოდ შეეხოთ, მათ ვარწმუნებ რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება.

იმ ადამიანებს ვისაც ქონება ჩამოართვეს, მათ ეს ქონება დაუბრუნდებათ?

რა თქმა უნდა, უნდა დაუბრუნდეს. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს ქონებას ისე ართმევდა და აფორმებდა ადამიანებზე, რომ სამართლებრივად ვერც კი მიედავები, ამიტომ არის რთული პროცესი. ადამიანს, რომელსაც შუაღამით თავისი ქონება სხვაზე გადააფორმებინეს, მას უნდა დაუბრუნდეს ქონება თუ სახელმწიფო ჰქვია. მეორე საკითხია მორალური მხარე, ტკივილი, დამცირება… ეს ყველაფერი უნდა ანაზღაურდეს.

თქვენ ამბობთ, რომ მათ ეს ქონება დაუბრუნდებათ, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, ბიუჯეტში საკმარისი ფული არ არისო. როგორ დაუბრუნდებათ მათ ეს წართმეული ქონება?

სახელმწიფო თავის თავზე ვერ აიღებს მის დაბრუნებას საკუთარი რესურსების ხარჯზე. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც იწელება ესეც არის. შესაბამისად მათ ქონება უნდა დაუბრუნდეთ იმ გზით, რა გზითაც მათ ქონება ჩამოართვეს.

როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდით, არ იცოდით რომ ამას დასჭირდებოდა დრო და ამის მოსწრება 4 წელში შესაძლებელი არ იქნებოდა? ამას შესაბამისი ფინანსური რესურსი რომ დასჭირდებოდა არ იცოდით? რატომ მიეცით პირობა ხალხს რომ 4 წელში სამართლიანობა აღდგებოდა?

როდესაც ადამიანი საქმეზე მიდიხარ, წინასწარ გაქვს რაღაც ხედვა, მაგრამ როდესაც საქმეზე მიხვალ იქ უფრო კარგად გამოჩნდება. ის, რაც შორიდან ჩანდა, იმაზე მეტი პრობლემები აღმოჩნდა. ისეთი, რასაც თითოეული ჩვენგანი ვერც კი წარმოვიდგენდით. ჩვენი ბიუჯეტი არ არის არც აშშ-ის ბიუჯეტი და არც ევროპის რომელიმე ქვეყნის, მაგრამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მივყვებით თანმიმდევრობით. ამ თანმიმდევრობაში ყველაფერი დალაგდება.

თქვენ პროკურატურის გარკვეულ ინერტულობას ვერ ხედავთ? იგივე სულხან მოლაშვილის საქმეზე, სანამ ის არ გარდაიცვალა გამოძიება არ დაიწყეს. ასე იყო ბესიკ ხარძიანის საქმეზეც, ხარძიანი აფრთხილებდა ხელისუფლებას რომ მასზე იერიშს მიიტანდნენ, ცოტა ხანში ბიზნესმენი მოკლეს. იგივე ციხის ბუნტზე ელენე თევდორაძეს კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული. არ ვიცით დაწყებულია თუ არა საერთოდ გამოძიება ამ საქმეზე. თქვენ, როგორც დეპუტატს ეს ყველაფერი ეჭვს არ გიჩენთ?

ბესიკ ხარძიანის ტრაგიკული დასასრული ყველას სატკივარია. რა თქმა უნდა ამ საქმის დასასრული აუცილებლად იქნება ისე, როგორც უნდა ოჯახს და როგორც არის სამართლიანი. ტკივილიანი ძალიან ბევრი ფაქტებია, ვერ შემოვიფარგლებით მხოლოდ ამ ტრაგედიით. ყველა საქმე გამოსაძიებელია.

თუმცა, მე სხვა მიმართულებით დაგისვით კითხვა, პროკურატურის ქმედებებმა, დაგვიანებამ გარკვეული კითხვები და პრეტენზიები, როგორც დეპუტატს არ გაგიჩინათ?

პრეტენზიები, როგორც მოქალაქეს მაქვს იმ მხრივ, რომ უფრო ჩქარა მიმდინარეობდეს პროცესი. მინდა, რომ ძალიან გახმაურებელი, ტკივილიანი საქმეები გაიხსნას. თუ ვინმე ხელშემშლელი იქნება, ვერავინ ვერ გამაჩერებს და ვერავინ ვერ ამომიკერავს პირს, რომ ჩემი სათქმელი არ ვთქვა.

მთავარ პროკურორსაც ვუთხარი, რომ თუ გამომძიებლების რაოდენობა საკმარისი არ არის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი რიცხოვნობა გაიზარდოს და მათი ბიუჯეტიც გაიზარდოს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. შიდა სამზარეულო კარგად ვიცი, ახალი ნაკადიდან ბევრი მეგობარი მყავს და ვიცი, რომ დღე და ღამე გასწორებული აქვთ, მაგრამ ვერ აუდიან საქმეების გამოძიებას იმდენია შესული.  ამიტომ, თუ რაოდენობის დამატებაა საჭირო, პარლამენტი პროკურატურას ყველანაირად მხარში დაუდგება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად